კონდრატე თათარიშვილი (ფსევდონიმი — უიარაღო) (დ. 21 სექტემბერი, 1872, აბასთუმანი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი — გ. 9 მაისი, 1929, თბილისი) –
მწერალი.
1887 წლიდან სწავლობდა თბილისის, 1893 წლიდან კიევის სასულიერო სემინარიაში (დაამთავრა 1894). პირველი მოთხრობა „მშვიდობით“ 1895 გამოაქვეყნა ჟურნალ „მოამბეში“. 1896 მღვდლად ეკურთხა. სიკვდილმისჯილი რევოლუციონერი ჯარისკაცების გამოსარჩლებისათვის 1906 წელს ეკლესიიდან განდევნეს. უიარაღომ განაგრძო ინტენსიური ლიტერატურული მოღვაწეობა. თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში („მოამბე“, „ჯეჯილი“, „კვალი“, „მეგობარი“, „დროება“ და სხვა). მოთხრობებში „მე და ბიძაჩემი“, „ჩაიზე“, „უსიამოვნო შეხვედრა“, „რეაქცია“, „პირუთვნელი დაფასება“, „წესდება“ (1900-1913) მწერალი ამხელდა ბურჟუაზიული საზოგადოების მანკიერებას. მისი პუბლიცისტური წერილები მიმართული იყო ცარიზმის წინააღმდეგ. პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი უიარაღო იძულებული გახდა 1912 წელს გასცლოდა საქართველოს. 1912-1919 წლებში იგი სწავლობდა ბრიუსელის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის გეოლოგიურ განყოფილებაზე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ (1921) მუშაობდა თსუ-ის გეოლოგიის კათედრის ასისტენტად, 1923 წლიდან აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის გეოლოგიურ განყოფილებაში. უიარაღოს სამეცნიერო შრომები ძირითადად შეეხება კოლხეთის დაბლობის, ალაზნის ველისა და თრიალეთის აღმოსავლეთ ნაწილის ჰიდროგეოლოგიურ საკითხებს. იკვლევდა აგრეთვე საშენი მასალებისა და ბენტონიტური თიხების საბადოთა გეოლოგიურ საკითხებს.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

