კონსტანტინე კანდელაკი (1883-1958) –
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი.
1890 -იან წლებში სწავლობდა ქუთაისის სემინარიაში. შემდეგ მოსკოვში დაამთავრა უმაღლესი კომერციული სასწავლებელი. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, სრულიად ახალგაზრდა, გახდა საქართველოს კოოპერატიული მოძრაობის ლიდერი. 1909 წელს თბილისში გამოიცა მისი პირველი წიგნი – „კოოპერაცია, თეორია, ისტორია და პრაქტიკა”. 1914 წელს გამოქვეყნდა კონსტანტინე კანდელაკის მეორე წიგნი – „ანგარიშთა და საქმეთა წარმოება წვრილ კრედიტის საკოოპერაციო დაწესებულებაში“. კონსტანტინე კანდელაკი ჯერ ფინანსთა და ვაჭრობა–მრეწველობის მინისტრის, გიორგი ჟურულის მოადგილე იყო, 1919 წლის 21 მარტიდან კი იგი უკვე მინისტრია. მის სახელს უკავშირდება ქართული ფულის ერთეულის გამოშვება. ეროვნული ვალუტის შექმნისთვის მზადება, მისი უშუალო მონაწილეობით, ჯერ კიდევ 1918 წლის მაისის მიწურულიდან დაიწყო. 1918 წლის ივნისში დაარსდა „ქართული ფულის ფონდი“. ფულის ნიშნების შესარჩევ კონკურსში გაიმარჯვა მხატვარ იოსებ შარლემანის ესკიზებმა. 1919 წლის ივლისში გამოშვებულ ქართულ ბონებს სწორედ ისინი დაედო საფუძვლად. ქართული ფულის ერთეულის განმტკიცებისათვის საჭირო იყო რომელიმე ევროპული ქვეყნიდან კრედიტის აღება. კონსტანტინე კანდელაკმა ამ მიზნით იმოგზაურა ევროპაში და საქართველოსთვის კრედიტი ინგლისიდან მოიპოვა. 1921 წლის მარტიდან, დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილებით, კონსტანტინე კანდელაკი ეროვნული მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. პირველ ხანებში იგი სტამბულში დარჩა, რადგან დაინიშნა სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელად. განაგებდა მთავრობის მიერ საქართველოდან გატანილ ქონებას, მეთვალყურეობას უწევდა ლტოლვილთა კომისიას. მოგვიანებით საფრანგეთში გადავიდა.
ღვაწლმოსილი მეცნიერი გარდაიცვალა 1958 წლის 11 ოქტომბერს, შვეიცარიაში (ლოზანაში, ), სადაც ის სამკურნალოდ იმყოფებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ მისი ნეშტი გადმოასვენეს ლევილში და 18 ოქტომბერს იქვე დაკრძალეს.

