კონსტანტინე საფარიშვილი (1887-1973)
თბილისის წმიდა პეტრე-პავლეს კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი. ფლობდა 10 ენას. მის მიერ არანჟირებული საგალობლები წლების განმავლობაში სრულდებოდა ეკლესიაში.
1899 წელს სასწავლებლად გაემგზავრა კონსტანტინოპოლის ქართველ კათოლიკეთა მონასტერში. 1911 წლის 8 დეკემბერს ეკურთხა მღვდლად და პირველი წირვა ჩაატარა კონსტანტინოპოლის ღვთისმშობლის უმანკო ჩასახვის ქართულ ეკლესიაში. 1909-1910 წწ. მამა კონსტანტინე ღვთისმეტყველებას ეუფლებოდა რომში. 1915 წელს სარატოვში გადაასახლეს, სადაც იგი გერმანელი კოლონისტებისათვის გერმანულ ენაზე ატარებდა წირვებს. საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე პატრი კონსტანტინე სამშობლოში დაბრუნდა. 1918-1924 წწ. იყო გორის კათოლიკური ეკლესიის მოძღვარი. 1924 წელს კი იგი მოძღვრის გარეშე დარჩენილ სოფელ სანავარდოში (კახეთი) გადავიდა. 1925-1926 წწ. პატრი კონსტანტინე მესხეთში ჩავიდა, ის ჯერ სოფელ უდეს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის, ხოლო შემდგომ ახალციხის რაბათის პატრებიანთ ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1927 წელს დააპატიმრეს და სოლოვკის ბანაკში გადაასახლეს (1927 წ. – კემი, 1928 წ.-უხტა, 1929 წ. – მურმანსკი, 1929-1931 წწ. – პინეგა). 1936 წელს გაათავისუფლეს და სამშობლოში დაბრუნების ნება მისცეს, მაგრამ მას აეკრძალა სასულიერო მოღვაწეობა და თბილისში ცხოვრების უფლება.
დაკრძალულია თბილისის წმიდა პეტრე-პავლეს კათოლიკური ეკლესიის ეზოში.

