კონსტანტინე ერისთავი (დ. 22 იანვარი, 1889, სოფელი სალომინაო, ახლანდელი ვანის მუნიციპალიტეტი — გ. 12 მარტი, 1975, თბილისი)
ქირურგი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1950), სოციალისტური შრომის გმირი, იყო საქართველოს ქირურგიული საზოგადოების, საპატიო თავმჯდომარე და ჯანდაცვის სამინისტროს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე..
1908 წელს დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია. 1914 წელს დაამთავრა იურიევის (ახლანდელი ტარტუ) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1914-1918 წლებში პირველი მსოფლიო ომის დროს ის იბრძოდა მოქმედ არმიაში. 1918 წელს დაბრუნდა საქართველოში. 1941 წლამდე ის ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ კი სამედიცინო ინსტიტუტში განაგებდა ზოგადი ქირურგიის, 1941–1950 წლებში საფაკულტეტო ქირურგიის, ხოლო 1949–1960 წლებში ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრებს.
სხვადასხვა დროს იყო თბილისის რკინიგზის საავადმყოფოს უფროსი, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სისხლის გადასხმის ინსტიტუტის დირექტორი, ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის დირექტორი. ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიისა და მედიცინის განყოფილებას.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

