კონსტანტინე გამსახურდია (დ. 3 მაისი/15 მაისი, 1893, სოფ. ძველი აბაშა ― გ. 17 ივლისი, 1975, თბილისი) – მწერალი, ფილოსოფიის დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1965). კონსტანტინე გამსახურდიამ 1911 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში. 1913 წლის გაზაფხულზე კ.გამსახურდია იძულებული ხდება დროებით სამშობლოში დაბრუნდეს. 1913 ოქტომბრიდან 1914 წლის მარტამდე სწავლობს მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1914 წლის ზაფხულში მწერალი სწავლის გასაგრძელებლად გერმანიაში გაემგზავრა და თავისუფალ მსმენელად შევიდა იქაურ უნივერსიტეტში. გერმანიაში, მიუნხენის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, მწერალი პირადად გაეცნო და დაუმეგობრდა თომას მანს. 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო, კ.გამსახურდია დააპატიმრეს და საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. ის თითქმის ერთი წელი იყო დაპატიმრებული, შემდეგ კი თომას მანის დახმარებით გაათავისუფლეს და კვლავ მისცეს გერმანიაში სწავლის უფლება. 1916 წელს კონსტანტინე გამსახურდიამ სწავლა გააგრძელა ბერლინის უნივესიტეტში , სადაც მხოლოდ რამდენიმე თვე დარჩა. იმავე წლის ბოლოს იგი დაბრუნდა სამშობლოში, აქტიურად ჩაება ლიტერატურულ და პოლიტიკურ საქმიანობაში.. მან მუშაობა დაიწყო გაზეთ ,,სახალხო საქმის” რედაქციაში, 1918 წელს გამოსცა ჟურნალი “პრომეთე”, რომლის ირგვლივაც შემოიკრიბა ქართული მწერლობისა და მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენლები. იგი იყო მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელთაგანი. 1918 წლის სექტემბერში გამსახურდია კვლავ გერმანიაში დაბრუნდა და დაიწყო მუშაობა საქართველოს გერმანიის საელჩოს ატაშედ. 1919 წელს ჩააბარა გამოცდები ბერლინის უნივერსიტეტში და მიიღო უფლება უნივერსიტეტის დამთავრების დიპლომის ასაღებად დაეცვა ნაშრომი, რის შედეგადაც მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. 1919 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ მუშაობაში.ჰამბურგში 3000-მდე ტყვედყოფილი ქართველი შეკრიბა და სამშობლოში წამოიყვანა მის მიერვე დაქირავებულ ხომალდ „ქრისტიანიათი“, თან ჩამოიტანა მედიკამენტები, პირველი რადიოდანადგარი. გერმანიაში ყოფნის პერიოდში გამსახურდიამ გააგრძელა აქტიური შემოქმედებითი საქმიანობა, დაწერა არაერთი მხატვრული ნაწარმოები, წერილები, გერმანულ პრესაში გამოაქვეყნა სტატიები და თარგმანები. 1920 წელს მწერალი სამშობლოში დაბრუნდა და ჩაება როგორც ლიტერატურულ, ისე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში. 1922 წელს კონსტანტინე გამსახურდიამ გამოსცა ჟურნალი ,,ლომისი”. 1922-1923 წლებში- ჟურნალი ,,ილიონი”, 1923 წელს კი- ,,საქართველოს სამრეკლო” და ,,ქართული სიტყვა”. საბჭოთა ხელისუფლებასთან დაპირისპირებულ ქართველ პატრიოტ მწერლებთან ერთად ოციან წლებში მწერალმა შექმნა ,,აკადემიური ასოციაცია”. 1923 წელს კ.გამსახურდია რამდენიმე თვით გაემგზავრა პარიზში და სორბონის უნივერსიტეტში მოისმინა ლექციები. მალევე დაბრუნდა სამშობლოში და მუშაობა დაიწყო თბილისის უნივერსიტეტში და განაგრძო სარედაქციო-საგამომცემლო საქმიანობა. თუმცა ხელისუფლებამ გამოაძევა ის უნივერსიტეტიდან, დახურა მისი რედაქტორობით გამომავალი ,,ილიონი” და ,,საქართველოს სამრეკლოც”. ამას მოჰყვა 1924 წელს მისი დაპატიმრება, თუმცა მალე გაათავისუფლეს. 1926 წელს მწერალი მესამედ დააპატიმრეს ,,შპიონაჟის” ბრალდებით და მიუსაჯეს საკონცენტრაციო ბანაკში 10 წლით გადასახლება. 1927 წლის დეკემბერში რეპრესირებული მწერალი ავადმყოფობის გამო პატიმრობიდან გაათავისუფლეს და სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცეს. 1926 წელს კონსტანტინე გამსახურდიას დაპატიმრებას წინ უძღვოდა მისი გამოსვლა საქართველოს მწერალთა პირველ ყრილობაზე,, სადაც მან გაილაშქრა საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ. ამ გამოსვლის გამო მას უწოდეს ,,შინაური ემიგრანტი”. 1931 წელს მწერალთა ფედერაციამ კონსტანტინე გამსახურდია თავისი ორგანიზაციის რიგებიდან ერთხმად გარიცხა. მწერალთა ფედერაციის 1931 წლის 17 მაისის ოქმიდან ვკითხულობთ: “კონსტანტინე გამსახურდია ცნობილია, როგორც რეაქციონერი და ანტისაბჭოთა მწერალი, რომელიც ამ ათი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ იბრძვის მხატვრული პროდუქციით და ზეპირი გამოსვლებით ფეოდალიზმის თავადაზნაურული იდეოლოგიის შოვინიზმის და “შავი ჩოხის” ტრადიციის დასაცავად, თავისი გამოსვლებით მან არაერთხელ საბჭოთა საზოგადოებრიობის ზიზღი და სიძულვილი დაიმსახურა. ხსენებული რეაქციონერი მწერალი თანადროულობისათვის პოლიტიკურად მავნე მხატვრულ ნაშრომებს აქვეყნებს და თავის პოლიტიკური მავნებლობით ამაყობს მწერლობაში და საბჭოთა საზოგადოების წინაშე”. დაჯილდოებულია ორი ლენინის ორდენით, სხვა ორდენებითა და მედლებით. გარდაიცვალა 1975 წელს. დაკრძალულია თბილისში, კოლხური კოშკის (თავისი სახლის) ეზოში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა ცოტნე გამსახურდიამ, რისთვისაც უღრმეს მადლობას მოვახსენებთ.

