კონსტანტინე მეღვინეთუხუცესი (დ. 27 ნოემბერი, 1891, სოფ. ხიდისთავი, გორის მუნიციპალიტეტი — გ. 30 ნოემბერი, 1972, თბილისი) –
კომპოზიტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1946).
1909 წელს დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი, ხოლო 1913 წელს პეტერბურგის კონსერვატორია პროფესორ ანატოლი ლიადოვის საკომპოზიციო კლასით. პარალელურად მუსიკალურ ესთეტიკას ეუფლებოდა და პროფესორ ლ. საკეტის ხელმძღვანელობით. დაამთავრა ასევე პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
ფართო განათლების სპეციალისტი დაბრუნდა სამშობლოში და ჩაება კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჯერ ადმინისტრაციულ თანამდებობაზეა, შემდეგ იწყებს მოღვაწეობას თბილისის კონსერვატორიაში, 1932 წლიდან პროფესორია. 1943 წელს კ. მეღვინეთუხუცესი აირჩიეს თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში მუსიკის კათედრის გამგედ და კითხულობდა ლექციებს მუსიკის ისტორიაში. პარალელურად ეწეოდა ნაყოფიერ შემოქმედებით მუშაობას.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
