კონსტანტინე ვეფხვაძე (1898-1974)
ონკოლოგი, მეცნიერული ონკოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული კიბოს საპრობლემო სამეცნიერო საბჭოს წევრი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1924 წელს. 1945–1974წწ. ხელმძღვანელობდა ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის ონკოლოგიის კათედრას. მისი სამეცნიერო შრომები ეძღვნება თეორიული და კლინიკური ქირურგიის და ონკოლოგიის აქტუალურ საკითხებს. იკვლევდა აგრეთვე ავთვისებიანი სიმსივნის ეპიდემიოლოგიისა და სამრეწველო ტრავმატიზმის საკითხებს. 1933 წელს შეადგინა ზოგადი ქირურგიის პირველი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.
