კორნელი დანელია (დ. 15 ივნისი, 1934, სოფ. ნაჯახავო, მარტვილის მუნიციპალიტეტი — გ. 28 სექტემბერი, 1997) – ფილოლოგი, ენათმეცნიერი, ტექსტოლოგი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1979), პროფესორი (1981). დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1958–1959 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში. 1963 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ძველი ქართული ენის კათედრაზე (1987 წლიდან ამ კათედრის გამგე). 1988 წლიდან იყო თსუ-ის ფილოლოგიური ფაკულტეტის დეკანი. დანელიას გამოკვლევები ეხება ძველი ქართული ენის, მეგრულ-ჭანურის, ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის, ბიბლიურ წიგნთა ქართული თარგმანების საკითხებს. აღსანიშნავია მისი წვლილი ძველი ქართული ენის ძეგლების კრიტიკულად გამოცემასა და შესწავლაში. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ზედა პანთეონში.

