კორნელი კეკელიძე (დ. 30 აპრილი [ძვ .სტ. 18 აპრილი], 1879 — გ. 7 ივნისი, 1962) – ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, თეოლოგი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი (1941 წლიდან), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია 1904 წელს. 1905-1906 წლებში მასწავლებლობდა ქუთაისსა და თბილისში. მონაწილეობდა საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში. 1907 გადამუშავებული საკანდიდატო ნაშრომისათვის “ლიტურგიკული ქართული ძეგლები სამამულო წიგნსაცავებში და მათი მეცნიერული მნიშვნელობა” (რუსულ ენაზე, ცალკე წიგნად გამოიცა თბილისში, 1908) მიენიჭა მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი. 1918 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრას. 1919-1925 სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი, ხოლო 1926-1930წწ. სასწავლო-სამეცნიერო ნაწილის პრორექტორი იყო. დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში.

