კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

კონსტანტინე ამირაჯიბი (დ. 30 დეკემბერი [ძვ. სტ. 18 დეკემბერი], 1869,თბილისი — გ. 14 ივლისი, 1948, იქვე) — მეცნიერი სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დარგში, პროფესორი (1927). მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე (1934). 1893 წელს დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტი და იქვე დატოვეს ქიმია-ტექნოლოგიის კათედრის ასისტენტად. 1894 წელს მიავლინეს საზღვარგარეთ (საფრანგეთსა და გერმანიაში), 1897 დაბრუნდა საქართველოში. 1907 წელს დააარსა სასოფლო-სამეურნეო სკოლა,1919 წელს ამირაჯიბი მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოცენტის თანამდებობაზე და სასოფლო-სამეურნეო მანქანათმცოდნეობის კათედრის გამგედ. 1927 წელს ამირაჯიბის ინიციატივით ჩამოყალიბდა სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღების საცდელი სადგური, რომელსაც შემდგომში მისი სახელი მიენიჭა. 1931 წელს ამ სადგურის ბაზაზე შეიქმნა სოფლის მეურნეობის მექანიზაციის კვლევითი ინსტიტუტი, რომლის დირექტორიც 1934 წლამდე ამირაჯიბი იყო (შემდგომში ამ ინსტიტუტს ამირაჯიბის სახელი მიენიჭა). შექმნა და გამოცადა ელექტროტრაქტორი. 1920 წელს გამოიცა ამირაჯიბის სასოფლო-სამეურნეო მექანიკის ლექციების კურსი. ამირაჯიბი დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და შრომის წითელი დროშის ორდენით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. პანთეონში მასთან ასევე დაკრძალულები არიან:

ქეთევან ჯაბრაილის ასული აბაშიძე (დ. 1877, სოფელი ცხრამუხა, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი — გ. 1969, თბილისი) — პროფესორ კონსტანტინე ამირაჯიბის მეუღლე.

ბარბარე კონსტანტინეს ასული ამირაჯიბი (1896-1965) — პროფესორ კონსტანტინე ამირაჯიბის უფროსი ქალიშვილი. თეატრალური მოღვაწე. მუშაობდა ავლევის სცენისმოყვარეთა თეატრში რეჟისორად.

ბარბარე მიხეილის ასული ამირაჯიბი (1872-1939) — პროფესორ კონსტანტინე ამირაჯიბის და. პედაგოგი, ეწეოდა საკომპოზიციო მოღვაწეობას. პროფესორ კონსტანტინე ამირაჯიბის უმცროსი და ანასტასია მიხეილის ასული ამირაჯიბი იყო გამოჩენილი მხატვრის ვალენტინ სეროვის მოწაფე, რომელიც ხშირად სტუმრობდა ოჯახს. დიდ ფერმწერს დაუხატავს ტილო „ვარვარა როიალთან“, რომელსაც ერთ-ერთ პრესტიჟულ გამოფენაზე მედალიც დაუმსახურებია.

რიჩარდ ამირეჯიბი (დ. 10 დეკემბერი, 1924, თბილისი — გ. 6 ივნისი, 1980) – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1948 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი და მუშაობა დაიწყო კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტში. შემდეგ ხელმძღვანელობდა კლინიკურ-ფუნქციონალურ ლაბორატორიას ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის გენერაციული ფუნქციის ინსტიტუტში, 1972 წლიდან კი ქირურგიის ინსტიტუტშია. 1972 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. ავტორია 50-ზე მეტი სამეცნიერო შრომისა.
 
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments