კოტე მაყაშვილი (დ. 26 ნოემბერი, 1876, სოფელი იყალთო, თელავის მუნიციპალიტეტი — გ. 29 აგვისტო, 1927, წაღვერი) – პოეტი. 1903 წელს ქართულ სათავადაზნაურო ბანკში დამფასებლად, ხოლო 1915 წელს ამავე ბანკის დირექტორად აირჩიეს. კ. მაყაშვილი აქტიურად თანამშრომლობდა პერიოდულ გამოცემებში: გაზეთებში – „ივერია“, „სახალხო გაზეთი“, „ისარი“, „საქართველო“, „ლომისი“, „თემი“ და სხვა. ჟურნალებში – „საქართველო“, „ფასკუნჯი“, „<პრომეთე“, „ლომისი“. 1914 წელს გამოვიდა პოეტის ლექსების პირველი და ერთადერთი კრებული „ლირიკა“. 1918 წელს მისი თავმჯდომარეობით დაარსდა ხელოვანთა ცენტრი. 1921 წელს იგი აირჩიეს ხელოვანთა კულტურული კომიტეტისა და ხელოვანთა სასახლის თავმჯდომარედ. იგი იყო ინიციატორი სათავადაზნაურო დაწესებულებასთან იმ განსაკუთრებული ფონდის დაარსებისა, რომელიც დახმარებას უწევდა ყველა ხელმოკლე, ნიჭიერ ახალგაზრდას. იგი იყო აგრეთვე ერთ-ერთი დამაარსებელი და გამგეობის წევრი ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოებისა და ქართული ფილარმონიული საზოგადოებისა, საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებისა, ქართული დრამატული საზოგადოებისა, 20-იანი წლების დასაწყისში იყო „კადემიური მწერლობის“ კავშირის აქტიური წევრი. საქართველოს მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი, კავშირის ჩამოყალიბებისთანავე აირჩიეს პირველ თავმჯდომარედ და თითქმის ათი წლის განმავლობაში უძღვებოდა ამ მძიმე და საპატიო საქმეს. კ. მაყაშვილი ჯერ კიდევ ახალგაზრდა დაავადდა და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან პანთეონში დასაფლავებულია მისი მეუღლე — თამარ გაბაშვილი (დ. 1880, თბილისი — გ. 10 ივნისი, 1972, იქვე); ნუგეშა მაყაშვილი (1921-2013) და შალვა მაყაშვილი (1903-1990) – მხატვარი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

