კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

კულა გლდანელი (ნამდვილი სახელი და გვარია: ივანე ბეროს ძე ყირიმელაშვილი (გვარის შემოკლების შემდეგ ვანო ყირიმელი); დაბ. 1858, სოფელი გლდანი — გარდ. 1934, თბილისი )
ერთ-ერთი უძლიერესი ფალავანი. როგორც მოჭიდავემ სახელი გაითქვა თბილისის უბნებში (ორთაჭალა, ფიქრისგორა, დიდუბე, ჩუღურეთი და სხვა).
კულა გლდანელი დაუმარცხებელ ფალავნად იყო მიჩნეული XIX დასასრულსა და XX დასაწყისში. იგი ნამდვილი სახალხო გმირი იყო, რადგან ქართული ჭიდაობა ჩვენი ეროვნული საუნჯეა, ხალხის რჩეული ფალავნები კი ეროვნულ გმირებად ითვლებიან. არაერთხელ დაამარცხა იმ დროისათვის ცნობილი ფალავნები, მათ შორის რენელი, თიანელი, ღაღაძე, გონგაძე და სხვები.
„ვეფხისტყაოსნის“ ინგლისურად პირველი მთარგმნელის მარჯორო უორდროპის ძმამ – ოლივერ უორდროპმა გამოსცა წიგნი საქართველოში მოგზაურობის შესახებ, რომელიშიც წერდა: „ მე წილად მხვდა უდიდესი ბედნიერება დავსწრებოდი ერთ საუცხოო შეჯიბრებას, სადაც ფალავანი გლდანელი შეება ვინმე მამაც იმერელ მოჭიდავეს. ჭიდაობა უაღრესად საინტერესო გამოდგა და ამავ დროს დიდად მეამა, როცა აფიშიდან გავიგე, რომ შეჯიბრების მთელი შემოსავალი განკუთვნილი იყო ვიღაც ჭაბუკის დასახმარებლად, რომელსაც სათანადო სახსრები არ გააჩნდა პეტერბურგში სწავლის გასაგრძელებლად. იმ „ვიღაც ჭაბუკის“ ვინაობა საყოველთაოდ ცნობილია. იგი ვაჟა-ფშაველა გახლდათ!. უორდროპის მიერ აღწერილი ამბები თიანეთში მომხდარა.
კულა გლდანელი ამავე დროს ქველმოქმედიც იყო. ვაჟა ფშაველას გარდა, იყი ხშირად ეხმარებოდა ობოლ ბავშვებსაც.
სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული პირველი ეგრედ წოდებული საჭიდაო წრის დაარსება თბილსში, სადაც თავს იყრიდნენ ამიერკავკასიის საუკეთესო ფალავნები. ქართულ ჭიდაობას მან ნამდვილი სპორტის ხასიათი შესძინა და მეტი სანახაოდა შემატა ღონის ამ სასინჯ საქმეს, კულამ ჩამოაყალიბა ქართული ჭიდაობის მწყობრი წესები, მეტი შნო, ლაზათი და ხერხიანობა შემატა ჩვენს ეროვნულ ჭიდაობას.
ძველ პრესაში – „ივერიაში“ , „დროებაში“ და სხვაგან ხშირად იწერებოდა ამა თუ იმ ადგილას გამართული დიდი ჭიდაობის შესახებ, თუ კულა გლდანელი რაიმე მიზეზით თავად არ გამოდიოდა საჭიდაოდ, აფიშაში მაინც ეწერა: „დღევანდელ ჭიდაობას ესწრება „კულა გლდანელი“ და ხალხიც ბლომად მოდიოდა ჭიდაობაზე.
დღეს რომ ქართული საჭიდაო სკოლის სახელი ფართოდაა ცნობილი მსოფლიოში, ამაში, კულა გლდანელსაც მიუძღვის წვლილი, მის მაგალითზე ხომ ფალავანთა მთელი თაობები აღიზარდა.
სოფელ გლდანში, ფერდობის ძირში დღესაც არის საჭიდაო დარბაზი რომელიც კულა გლდანელის სახელობისაა.
დრო-ჟამმა ჩრდილში მოაქცია მისი სახელი, კულას საფლავიც კი მივიწყებას მიეცა, მაგრამ მადლიერმა შთამომავლობამ იგი დააფასა, დიდხანს მივიწყებულ კულას საფლავს 1994 წლის 5 თებერვალს მიაკვლიეს და ფალავნის ნეშტი სოფელ გლდანში – კულას მშობლიურ მამულში გადაასვენეს.
ტექსტი მოამზადა, საფლავის სურათები მოგვაწოდა ქალბატონმა მარი ყირიმელმა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments