ლეო კერესელიძე (დ. 1885 — გ. 23 ნოემბერი, 1943, ბერლინი) –
სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, ჟურნალისტი; ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გენერალი.
1905-1906 წლებში კერესელიძე მონაწილეობდა რუსეთის ჰეგემონიის წინააღმდეგ გამოსვლებში. სახელი გაითქვა თავდასხმებით რუსულ სამხედრო ნაწილებზე და დივერსიებით დუშეთსა და სოხუმში. რევოლუციის ჩახშობის შემდეგ, 1907 წლიდან, ჟენევაში ცხოვრობდა. დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტი, სადაც იურიდიული ფაკულტეტის პრივატ-დოცენტის ხარისხიც მოიპოვა. 1910-იან წლებში ჩაბმული იყო ჟურნალისტიკაში. 1913-14 წლებში თანარედაქტორობდა ჟენევაში გამომავალ გაზეთს „თავისულფალი საქართველო“ რომლის დამფუძნებელი მისი ძმა გიორგი კერესელიძე იყო.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების პერიოდში, 1918 წლის მაისში, კერესელიძე ბერლინში იმყოფებოდა. იგი ნოემბერში დაბრუნდა სამშობლოში და მთავრობის მოწვევით მონაწილეობა მიიღო ეროვნული არმიის ჩამოყალიბებაში. 1918 წლის დეკემბერში მონაწილეობდა სომხეთ-საქართველოს ომში და თავისი ლეგიონით თავი გამოიჩინა შულავერი აღების დროს. 1919 წელს იბრძოდა სამცხეში მუსლიმი ამბოხებულების წინააღმდეგ და დაიჭრა აწყურთან შეტაკების დროს. იმავე წელს გაგზავნილი იქნა ცხინვალში ამბოხებული ჯაველი ოსების წინააღმდეგ. 1919 წლის აგვისტოში საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკის შეთანხმებით დაინიშნა გენერლად და მთიელთა რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლად. წარმატებით ებრძოდა ანტონ დენიკინის „მოხალისეთა არმიას“ ჩეჩნეთსა და დაღესტანში, თუმცა გროზნოს აღება ვერ შეძლო. 1920 წელს იყო სამხედრო წარმომადგენელი პოლონეთში. 1921 წლის თებერვალში, რუსეთთან ომის დროს უთანხმოება მოუვიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილთან მოხალისეთა რაზმების ორგანიზაციის საკითხებზე, რის გამოც მცირე ხნით დაკავებული იყო. საქართველოდან წასვლის შემდეგ ლეო კერესელიძე ცხოვრობდა გერმანიაში, სადაც ჩამოაყალიბა მემარჯვენე-ნაციონალისტური ორგანიზაცია „თეთრი გიორგი“ (1924 წ.), რომლის მთავარი მდივანი თვითონვე იყო. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, 1942 წელს მონაწილეობა მიიღო ქართველ ტრადიციონალისთა კავშირის შექმნაში. 1944 წელს კერესელიძე მოკავშირეთა მიერ ბერლინის ერთ-ერთი პირველი დიდი დაბომბვისას იმსხვერპლა ნაღმის ნამსხვრევმა.
დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე.

