კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ლერი ლაგურაშვილი (1976-2008) –
სამედიცინო სამსახურის კაპიტანი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი
დაიბადა და გაიზარდა მუხიანის სამხედრო დასახლებაში, 2002 წელს ლერი ლაგურაშვილმა სამედიცინო უნივე­რსიტეტი დაამთავრა და საჩხერის სამთო მსროლელთა ბატალიონის მთავარი ექიმი გახდა. ეს ბატალიონი შემ­დეგ ქუთაისში გადავიდა, 2005 წელს ერაყში წავიდნენ. ერაყში, ლერისთან ერთად, მისი ძმებიც იყვნენ. ერაყიდან დაბრუნებულებს სენაკის ბაზა დამთავრებული დახვდათ და სამთო მსროლელთა ბატალიონიც სენაკში გაამწესეს, მეორე ქვეითი ბრიგადის შემადგენლობაში შეიყვანეს 21-ე ბატალიონად და ლერიმაც ამავე ბატალიონის მთავარ ექიმად გააგრძელა მოღვაწეობა.
ცხინვალიდან გამოსული ჯარი ნიქოზში დაბანაკდა. ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე. იმ მომენტისთვის ბატალიონი თავდასხმას არ ელოდა, საჭმელს ჭამდნენ. როგორც თანამებრძოლებისგან შეიტყვეს, ლერის არც ჩაფხუტი ხურებია, არც ჯავშანი სცმია და… დაბომბვა დაწყებულა. პირველად ბარძაყში დაჭრილა. დაბომბვა გრძელდებოდა და ლერი თვითონ იხვევდა ჭრილობას. ყველა მხრიდან: „ექიმი, ექიმიო“ ყვიროდნენ… ლერიმ ჭრილობა შეიხვია და სამედიცინო მანქანისკენ წავიდა, რაციით სასწრაფო რომ გამოეძახა, აიღო რაცია და თავიდან დაიწყო დაბომბვა… დაიჭრა კეფაში, გულმკერდის არეში, უამრავი ჭრილობა ჰქონდა, მაგრამ თავისი ფეხით ჩამოვიდა გორის ჰოსპიტალში, თან დაჭრილები ჩამოიყვანა. ერთ-ერთ ექიმს მორფი და ტელეფონი მისცა და სთხოვა, ჩემს მეგობარს, ექიმ პაატა თედელურს გადაეცითო. გადასცეს თუ არა ტელეფონი, პაატა თედელურმა მეგობრის მოძებნა დაიწყო დაჭრილებში. ლერი ლაგურაშვილმა ჰოსპიტალში დაკარგა გონი, გაითიშა. თავზე რთული ოპერაცია იყო ჩასატარებელი და თბილისში რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. რთული ოპერაცია ჩაუტარეს. ყველა ჭრილობა შეუხორცდა, მაგრამ თავზე გართულდა მდგომარეობა და მეთერთმეტე დღეს გარდაიცვალა.
დაკრძალულია მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments