ლევან აბაშიძე (დ. 22 მაისი, 1963, თბილისი — გ. 7 სექტემბერი 1992, სოხუმი) –
მსახიობი.
1980 წელს თბილისის პირველი საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე სწავლა განაგრძო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, სამსახიობო ფაკულტეტზე. იგი ჯერ კიდევ მეორე კურსის სტუდენტი იყო, როდესაც მას მიანდეს თბილისის კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლებში მონაწილეობა. 1985 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტი. მუშაობდა თბილისის კინომსახიობთა სტუდიაში. ლევან აბაშიძის კინოდებიუტი შედგა ლანა ღოღობერიძის ფილმში „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, სადაც 14 წლისამ მთავარი გმირის ვაჟიშვილის როლი განახორციელა.ხოლო მთავარი როლი ეკრანზე შეასრულა 1984 წელს გიორგი შენგელაიას ფილმში „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“, რომელმაც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ერთ-ერთი მთავარი პრიზი — „ვერცხლის დათვი“ დაიმსახურა. მას შემდეგ ახალგაზრდა მსახიობმა ორ ათეულამდე კინოფილმში მიიღო მონაწილეობა და არაერთი საინტერესო მხატვრული სახე შექმნა.
დაიღუპა ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის (1992-93) დროს, ზემო ეშერასთან. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
