ლევან გოთუა (დ. 10 მარტი, 1905, თბილისი ― გ. 30 იანვარი, 1973, იქვე) — მწერალი და საზოგადო მოღვაწე.
1921 წლის თებერვალში მოხალისედ წავიდა კოჯორში და შეუერთდა თბილისის დამცველებს. იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი და მისი ახალგაზრდული ფრთის ლიდერი. მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყების მომზადებაში. ამავე წლის აგვისტოში დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. შვიდი თვის შემდეგ გაათავისუფლეს. 1925 წლის აგვისტოში ხელახლა დააპატიმრეს, ერთხანს თბილისის და მოსკოვის ციხეებში იმყოფებოდა, შემდეგ კი სოლოვეცკის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. პატიმრობა ვლადიკავკაზში თავისუფალი გადასახლებით შეუცვალეს. გაქცევის მცდელობისათვის სასჯელი 1936-მდე გაუხანგრძლივეს. იყო ნარიმისა და ბიისკის საკონცენტრაციო ბანაკებში. მეორე მსოფლიო ომის გამოცხადებისთანავე შექმნა იატაკქვეშა პოლიტიკური ორგანიზაცია საქართველოს ეროვნული თავდაცვის კომიტეტი, რის გამოც 1946–55 წლებში კვლავ მოათავსეს ვორკუტის საკონცენტრაციო ბანაკში. შემორჩენილია პატიმრობის დროინდელი ლექსები, დღიურები, ისტორიული დრამა „სამსახეობა რაინდისა“ და, რაც მთავარია, ისტორიული რომანი „გმირთა ვარამი“, რომლებიც გოთუამ გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ გადაამუშავა და 1958–62 გამოსცა (II გამოც., წგ. 1-4, 1965- 67).
დაკრძალულია სამთავროს დედათა მონასტრის ეზო-პანთეონში.