მამია ბერიშვილი (1917-2003)
მედიცინის დოქტორი, ემიგრანტი.
მამიამ საშუალო სკოლა თბილისში დაამთავრა ექსტერნად. 1934 წელს ქალაქ უფის სამედიცინო ინსტიტუტში შევიდა, ორი წლის შემდეგ კი თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში განაგრძო სწავლა.
1941 წელს, სამედიცინო ინსტიტუტის კურსდამთავრებული მამია ბერიშვილი ომში გაიწვიეს ექიმად. სევასტოპოლში ტყვედ ჩავარდა, აქედან პოლონეთში გადაიყვანეს ტყვეთა ბანაკში. ნოე ჟორდანიას შემწეობით 1943 წელს საფრანგეთში მოხვდა, ფრანგულ ჯარში მოხალისედ შევიდა და კიდევ ორი წელი იბრძოდა ფაშიზმის წინააღმდეგ. ომის შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, ემიგრაციაში აგრძელებდა პარტიულ საქმიანობას, თუმცა საქართველოსთან არალეგალური ურთიერთობა 1953 წლამდე არ შეუწყვეტია. ბავშვობიდან კარგად იცნობდა თურქეთიდან გადმოსასვლელ ბილიკებს და ემიგრანტული მთავრობის დავალებით მალულად გადადიოდ-გადმოდიოდა თურქეთ-საბჭოთა კავშირის საზღვარზე, ჩამოდიოდა თავის მშობლიურ სურებსა და ჩოხატაურში.
მამია ბერიშვილი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლევილში დასახლდა. გახდა ლევილის ქართული კერის ასოციაციის თავმჯდომარე. 1986 წელს მან ამ პოსტზე შეცვალა „ლევილის დედა“ – ნამეტია ბერძენიშვილი–გოგუაძისა. 1959 წლიდან საქართველოს სოციალ– დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს უცვლელი მდივანია. და რაც ყველაზე მთავარია, მამია ბერიშვილი გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის არქივის ერთ–ერთი მესვეური, მასვე ებარა ლევილში დაცული ემიგრანტული ქართული პრესისა და ლიტერატურის მეტად მდიდარი კოლექცია. მისი ფრანგი მეუღლე ქალბატონი ქრისტიანი ერთგულად ედგა მხარში ბატონ მამიას, აწარმოებდა ქართული ასოციაციის ფრანგულ ოქმებს, უვლიდა ლევილის ქართველთა საძმო სასაფლაოს.
1996–1997 წლებში მამია ბერიშვილისა და მასთან ერთად საარქივო კომისიის წევრების – ქართული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლების – კარლო ინასარიძის, გივი ზალდასტანიშვილის, გიორგი შარაშიძისა და გივი გაბლიანის დახმარებით პარიზიდან და ჰარვარდიდან საქართველოში დაბრუნდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სამთავრობო არქივი. სამშობლოს წინაშე ამ და სხვა დამსახურებისათვის მამია ბერიშვილს მიენიჭა საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება.
სიცოცხლის ბოლო წლებში რამდენჯერმე ჩამოვიდა საქართველოში. მონაწილეობდა საარქივო დოკუმენტების გაშიფვრა–აღწერაში. 2002 წლის აგვისტოში სამშობლოში უკანასკნელად იმყოფებოდა. 2003 წლის იანვრის პირველ რიცხვებში, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა ლევილთან ახლოს, არპაჟონის საავადმყოფოში. დაკრძალულია ლევილში.

