მანანა დოიჯაშვილი (დ. 5 ნოემბერი, 1947 — გ. 17 იანვარი, 2023) –
პიანისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი (2000–2012 წლებში), რექტორის პირველი მოადგილე და პროფესორი, საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის დირექტორი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებზე გამარჯვებებმა მას დიდი აღიარება მოუტანა. მის საშემსრულებლო ხელოვნებას კარგად იცნობენ უცხოელი მუსიკოსები და კლასიკური მუსიკის მოყვარულები. მისი თაოსნობით აღდგა და თბილისის მუსიკალურ ცხოვრებას დაუბრუნდა კონსერვატორიის დიდი დარბაზი; მანანა დოიჯაშვილი გახდა საქართველოში საკონკურსო მოძრაობის სულის ჩამდგმელი: მან ჩაუყარა საფუძველი საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა (1995) და პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსებს (1997). გარდა ამისა იგი არის ყოველწლიური ფესტივალის — „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ — ინიციატორი და ორგანიზატორი. 2005 წელს მანანა დოიჯაშვილს მიენიჭა საფრანგეთის რესპუბლიკის „ლიტერატურისა და ხელოვნების ორდენის რაინდის“ და „მშვიდობის ელჩის“ საპატიო წოდებები. 2004 წელს საშემსრულებლო ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა რუსეთის საშემსრულებლო ხელოვნების ფონდის პრემიით. 2003 წელს მიიღო ქართველი მუსიკოსებისათვის უმაღლესი ჯილდო — ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია. 1999 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
დაკრძალულია თბილისში, საფლავის ფოტო მოგვაწოდეს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიიდან.

