მარიამ (მარი) აბრამიშვილი (დ. 21 სექტემბერი, 1922, საჩხერე — გ. 1 ივნისი, 2008, თბილისი) – პოეტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 1940 წელს დაამთავრა თბილისის მე-18 (ახლანდელი 51-ე) საშუალო სკოლა, ხოლო 1944 წელს – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1945 წლის 27 მარტს რამდენიმე ახალგაზრდა პოეტთან ერთად ხელნაწერი ჟურნალის (“ანათემა”) გამოცემის გამო დააპატიმრეს და გადაასახლეს. სასჯელს იხდიდა ვიატკის ბანაკებში. ის ერთადერთი ქალი იყო რეპრესირებულ მწერალთა შორის. გადასახლებიდან დაბრუნებულმა კვლავ განაგრძო ლიტერატურული საქმიანობა. 1951 წელს მისი ლექსი პირველად დაიბეჭდა ჟურნალ “მნათობში”, ხოლო ლექსების პირველი კრებული 1957 წელს გამოვიდა. 1970 წელს მიიღეს მწერალთა კავშირის წევრად. გარდაიცვალა 2008 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

