ალექსანდრე მელიქ-აზარიანცი (1847-1923)
მეწარმე.
საცხოვრებლად ზემელზე (როგორც მაშინ უწოდებდნენ) ადგილი შეარჩია და გადაწყვიტა, იქ აეშენებინა სახლი. სომხური წარმოშობის თბილისელი კომერსანტის, ალექსანდრე მელიკ აზარიანცის დიდი შემოსავლიანი სახლი შოთა რუსთაველის გამზირის #37-ში მდებარეობს. შენობა 1912-15 წლებში აშენდა. XX საუკუნის დასაწყისში სახლს ჰქონდა საკუთარი ელექტრო მომარაგება , გათბობის სისტემა, სატელეფონო ქსელი, საბავშვო ბაღი, კინოთეატრი, ფოტოსალონი, სამხატვრო გალერეა, ბაღი შადრევნითა და ეგზოტიკური მცენარეებით. საქართველოში ეს პირველი “შემოსავლიანი სახლი” უნიკალური იყო თავისი ინფრასტრუქტურით. მელიქ აზარიანცმა არქიტექტორს დაავალა, რომ მოედნისა და სანაპიროსკენ მიმავალი გზის მხარეს შენობას მომრგვალებული ფორმა ჰქონოდა. ამასთან მსახურები იმ ადამიანებს მიუგზავნა, რომლებიც მის მიერ შერჩეულ ადგილას ცხოვრობდნენ. უმეტესობა მათგანი ღარიბი იყო. აზარიანცი მათ 300 ოქროს უხდიდა იმისთვის, რომ საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინათ. მის პირობებს ყველა სიხარულით დასთანხმდა, გარდა ერთი მეწაღისა. რომელმაც არანაირ ფასად არ დათმო თავისი „დაბრეცილი“ ჯიხური. აზარიანცმა მას 500 ოქრო შესთავაზა, მაგრამ მეწაღის დაყოლიება ვერ შეძლო. საბოლოოდ უცნაური მეზობლის სიჯიუტეს აზარიანცის შენობის ნაწილი შეეწირა. არქიტექტორი იძულებული გახდა, კედლის მომრგვალებული ფორმა სწორხაზოვანით შეეცვალა. სახლი საკმაოდ რთულ რელიეფზე აშენდა და ამიტომ რამდენიმე დონე ჰქონდა. პერიოდში თბილისში მხოლოდ აზარიანცს ჰქონდა საკუთარი წყლის სისტემა და შესაბამის გადასახადსაც იხდიდა. შენობა არ იყო ბოლომდე დასრულებული, როდესაც მთავრობამ მას წყლის გადასახადი ძალიან გაუძვირა. აზარიანცი არ დაემორჩილა უსამართლო მოთხოვნას და წყალზე საერთოდ უარი თქვა, მაგრამ საჭირო გახდა ალტერნატიული წყაროს მოძიება. მილიონერმა დიდი რაოდენობით ღვინო შეისყიდა გლეხებისაგან. სახლი საბოლოოდ ღვინით აშენდა. გასაბჭოების შემდეგ, განსხვავებით სხვა მილიონრებისაგან , რომელთაც საქართველოდან გაქცევა მოახერხეს, მელიქ აზარიანცი თბილისში დარჩა. მას ჩამოართვეს მთელი ქონება და საკუთარ სახლში მხოლოდ ერთი ოთახი გამოუყვეს, ისიც კიბის ქვეშ, სადაც თავისი დარჩენილი ცხოვრება სიღარიბეში გაატარა. გარდაცვალების შემდეგ ქვეყნის ერთ დროს ყველაზე მდიდარი ადამიანი მეგობრების საზიარო ფულით იქნა დაკრძალული ვერის სასაფლაოზე.
