მერაბ ელიოზიშვილი (დ. 18 დეკემბერი, 1934, ცხინვალი, — გ. 4 იანვარი, 2012, თბილისი) — მწერალი, სცენარისტი, მსახიობი. 1952 წელს დაამთავრა ქ. ცხინვალის საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. ცხინვალში მიღებული არასრული მუსიკალური განათლება უნივერსიტეტის სიმფონიურ ორკესტრში გამოიყენა, უკრავდა ვიოლინოზე. 1958 წლის ჟურნალ „ცისკრის“ მე-12 ნომერში გამოქვეყნდა პირველი სამი მოთხრობა და მას შემდეგ ამ ჟურნალისათვის არ უღალატია. დაწერილი აქვს ორი პატარა წიგნი, მათგან ერთი რუსულ ენაზეც გამოიცა. არის ორი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარის ავტორი — ერთი მათგანია „თეთრი ქარავანი“, ხოლო მეორე — „დიდი მწვანე ველი“. მისი პირველი მოთხრობა „ბებერი მეზურნეები“ (1958) პიესადაც გადააკეთა, რომელმაც ყველაზე დიდი აღიარება მოუტანა. 1971–1972 იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სცენარისტთა შემოქმედებითი გაერთიანების წევრი. 1995 წელს დიაკვნად ეკურთხა ელიოზის სახელით. გარდაიცვალა 2012 წელს. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

