მერაბ ფარცხალაძე (დ. 15 დეკემბერი, 1924, თბილისი — გ. 14 თებერვალი, 2008, მოსკოვი) —
კომპოზიტორი.
მერაბ ფარცხალაძე ბათუმის მუსიკალურ სასწავლებელში გ. ბუჩინსკისთან ეუფლებოდა ფორტეპიანოზე დაკვრას. თეორიულ საგნებს მამა ასწავლიდა. საშუალო სკოლა და მუსიკალური სასწავლებელი მერაბ ფარცხალაძემ ერთდროულად დაამთავრა, 1942 წელს და მაშინვე გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში. სერჟანტი ფარცხალაძე მსახურობდა საზენიტო–საარტილერიო ნაწილებში. ომის დამთავრებისას რადიო–ტელეგრაფის განყოფილების უფროსი იყო. დაჯილდოებულია რამდენიმე საბრძოლო მედლით. მუსიკასაც არ ივიწყებდა, ხელმძღვანელობდა პოლკის თვითშემოქმედების ანსამბლს და თხზავდა სიმღერებს. 1943 წელს პრემიით აღინიშნა მის მიერ დწერილი „მეზენიტეების სიმღერა“. დემობილიზაციის შემდეგ მერაბ ფარცხალაძე ჩაირიცხა ოდესის სამედიცინო ინსტიტუტში და პარალელურად, ოდესის კონსერვატორიაში. ერთი წლის შემდეგ მუსიკის სიყვარულმა გადასძალა, სამედიცინო ინსტიტუტი მიატოვა და სწავლა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში განაგრძო. 1953 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია სემიონ ბოგატირიოვის ხელმძღვანელობით და 1957 წელს მასთანვე გაიარა ასპირანტურა. კომპოზიტორი ძირითადად მოსკოვში ცხოვრობდა, მაგრამ სამშობლოშიც ხშირად ჩამოდიოდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს მუსიკალურ ცხოვრებაში. მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საბავშვო და საესტრადო მუსიკას.
1967 წელს მერაბ ფარცხალაძე გახდა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. 1978 წელს — რსფსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ხოლო, 1986 წელს რსფსრ სახალხო არტისტი. 2000 წელს გადაეცა „მეგობრობის ორდენი“.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია ალექსი ფარცხალაძე (1897-1972) – კომპოზიტორი, პედაგოგი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1930 წელს. 1911 წელს დაიწყო მუსიკალური მოღვაწეობა; ჩამოაყალიბა მოსწავლეთა სიმებიანი ორკესტრი; მრავალი წლის განმავლობაში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ასწავლიდა სიმღერას; 1930 წლიდან ბათუმის მუსიკალურ სასწავლებელში ასწავლიდა თეორიულ საგნებს, 1930–1936წწ. იყო სასწავლო ნაწილის გამგე, 1936–1959წწ. სასწავლებლის დირექტორი.

