მერაბ კვიტაშვილი – ნიკოლას კეი (1902-1991) – სამთო ინჟინერი, დიდი ბრიტანეთის არმიის პოლკოვნიკი და რადიო “ამერიკის ხმის” ქართული რედაქციის დირექტორი. II მსოფლიო ომმა აფრიკაში, განაში (ოქროს ნაპირი) მოუსწრო, სადაც ოქროს მადნის გადამამუშავებელი ქარხნის დირექტორად მუშაობდა. მერაბმა მაშინვე ბრიტანეთის ქვეშევრდომობა მიიღო და მოხალისედ ჩაირიცხა ინგლისის არმიაში. დაამთავრა ოფიცერთა და სამხედრო–საინფორმაციო სკოლა. ჩრდილოეთ აფრიკაში ორი წელი შტაბშიც მუშაობდა და საბრძოლო ოპერაციებშიც იღებდა მონაწილეობას, რამდენჯერმე მსუბუქად დაიჭრა. 1942 წელს კი სერიოზული ჭრილობა მიიღო თავის არეში და დროებით მხედველობა დაკარგა. კონტრდაზვერვის ოფიცრად იყო ლიბიაში, ირანში, იმოგზაურა ფერეიდანში და დიდი ფოტო, ფონო და ეთნოგრაფიული მასალა შეაგროვა. მსახურობდა მაიორის, შემდეგ პოლკოვნიკის ჩინით. მიღებული აქვს მრავალი საბრძოლო მედალი, სიგელი, ჯილდო. 1942 წლის შემოდგომაზე, როდესაც გერმანელები ამიერაკვკასიას მიუახლოვდნენ მოკავშირეთა წინაშე გერმანიის წინააღმდეგ მოსახლეობის დარაზმვის საკითხი დადგა. მერაბ კვიტაშვილი წერდა: “დიდი ბრიტანეთის სარდლობა საგონებელში ჩავარდა. გასარკვევი გახდა ის პრობლემა, თუ რა მოხდებოდა კავკასიაში გერმანელების ჯარების შემოსვლის შემთხვევაში. დაიწყებოდა პარტიზანული ბრძოლები გერმანიის წინააღმდეგ, როგორც ეს დაიწყო ბელორუსიაში, უკრაინასა და რუსეთში, თუ კავკასიელები გულთბილად შეხვდებოდნენ გერმანელებს?! ამ საკითხზე ინფორმაციის მოკრების მიზნით დიდი ბრიტანეთის სარდლობამ ინგლისის არმიაში მომსახურე კავკასიური წარმოშობის სამხედრო თანამშრომლებს დაგვირიგა 16 პუნქტისგან შემდგარი ანკეტა. მე დავწერე ვრცელი პასუხი. ჩემი პასუხის მთავარი მიზანი იყო, დამერწმუნებინა დიდი ბრიტანეთის სარდლობა, რომ ჯერ ერთი, კავკასია არ იყო მთლიანი მონოლითი და მეორეც ის, რომ სახელმწიფოებრიობის მატარებელი კავკასიის ერები, კერძოდ ქართველები, სომხები და აზერბაიჯანელები იმ სახელმწიფოს დაუჭერდნენ მხარს, რომელიც დაასწრებდა ამ ხალხებისათვის რუსების მიერ წართმეული პოლიტიკური თავისუფლების შეთავაზებას. აღვნიშნე, რომ გერმანიის არმიასთან კავკასიელთა და, კერძოდ ქართველების თანამშრომლობა გამოწვეულია არა ფაშიზმისადმი, როგორც იდეოლოგიისადმი მათი სიმპათიით (თუ სიმპათია–ანტიპათიაზე მიდგა საქმე, ქართული კულტურისა და სახელმწიფოებრიობის დემოკრატიული ტრადიციები გამორიცხავდა ფაშიზმისადმი თანაგრძნობას), არამედ სამშობლოს განთავისუფლების მიზნით”. მერაბ კვიტაშვილის პასუხები ინგლისელებისათვის საინტერესო აღმოჩნდა. გაითვალისწინეს მისი სამხედრო კარიერა, საინჟინრო განათლება, რუსული, ქართული და სპარსული ენების ცოდნა და დიპლომატიურ სამსახურში მიიწვიეს. “მაშ, თქვენ ძველი სამეფოს აღდგენა გსურთ? ის არ გყოფნით, რომ ქართველი მთელი რუსეთის იმპერიას განაგებს?!” – დაინტერესებულა ჩერჩილი. მალე მერაბი უინსტონ ჩერჩილის მრჩეველი გახდა სსრკ–ს საკითხებში. 1943 წლის ნოემბერში კი თეირანის კონფერენციაზე ბრიტანეთის დელეგაციაში ჩარიცხეს. თავის “მემუარებში” მერაბ კვიტაშვილი აღწერს თეირანის კონფერენციას, თუ როგორ გადაულაპარაკებდნენ ქართულად ერთმანეთს სტალინი და ბერია, ან როგორ საუბრობდნენ ქართველი პირადი მცველები.
მერაბ კვიტაშვილი 1991 წლის იანვარში გარდაიცვალა.
Burial:
Columbia Gardens Cemetery
Arlington
Arlington County
Virginia, USA
Created by: hgs205
Record added: Mar 27, 2013
Find A Grave Memorial# 107396672

