მერი დავითაშვილი (დ. 13 მარტი, 1924, თბილისი — გ. 17 თებერვალი, 2014) –
კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1979). შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981).
1946 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 1968–1992 წლებში იყო საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი და სსრკ კომპოზიტორთა კავშირის სარევიზიო კომისიის წევრი. მისი ხელმძღვანელობით სისტემატურად ტარდებოდა საბავშვო მუსიკის კვირეულები. 1973 წლიდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი იყო (ინტსრუმენტირების კლასი). ნაყოფიერად მუშაობს საბავშვო მუსიკის დარგში. დაწერილი აქვს ორი საბავშვო ოპერა — „ქაჯანა“ (1965, დაიდგა 1966) და „ნაცარქექია“ (1972), მრავალი საბავშვო სიმღერა, მუსიკა საბავშვო სრულმეტრაჟიანი და ნახატი ფილმებისათვის („მანანა“, „მტრობა“, „ხელმარჯვე ოსტატი“, „ჩხიკვთა ქორწილი“, „წუნა და წრუწუნა“ , „რწყილი და ჭიანჭველა“, „სათაგური“და სხვა), 2 საორკესტრო სიუიტა ბალეტ „მზის ქორწილისათვის“ (1954), სიმფონიური, კამერულ–საკრავიერი და საგუნდო ნაწარმოებები, მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის, ხუთი რომანსი და სხვა. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997).
გარდაიცვალა 2014 წლის 17 თებერვალს, 89 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია ალექსანდრე გომელაური (1907-1966) – საქართველოს სახალხო არტისტი.

