კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მერი შერვაშიძე-ერისთავი (დ. 1888, ბათუმი, — გ. 21 იანვარი, 1986, პარიზი)
სილამაზით განთქმული ქართველი არისტოკრატი ქალბატონი, გადმოცემით გალაკტიონ ტაბიძის „მუზა“, სტამბოლში სილამაზის მსოფლიო კონკურსის გამარჯვებული 1921 წელს, კოკო შანელის მოდელი.
1918 წელს მერის საქმრო გიგუშა ერისთავი (გიორგი ქსნის ერისთავი), რომელიც იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ადიუტანტი იყო, საქართველოში დაბრუნდა, რათა ცოლად შეერთო მერი. 1921 წელს, როდესაც საქართველოს ბოლშევიკების მიერ აღებამდე რამდენიმე დღე რჩებოდა, მერი ბათუმიდან გემით საფრანგეთს გაემგზავრა. გემი რამდენიმე დღით შეჩერდა სტამბოლში, სადაც მერის უკვე დევნილი ქმარიც შეუერთდა. სწორედ სტამბოლში გაიმართა მსოფლიო სილამაზის კონკურსი, რომელშიც მერიმაც მიიღო მონაწილეობა და მოიგო კიდეც.
მერი იყო მაღალი, არცთუ გამხდარი, შავი, მაყვლისფერი თვალებითა და წაბლისფერი თმებით. გადმოცემით არასოდეს იცინოდა, მხოლოდ იღიმებოდა. მას ჰყავდა მეგობრების ვიწრო წრე, მაგრამ ვინც მას იცნობდა, აფასებდა მისი თავმდაბლობისათვის, უბრალოებისა და დიდსულოვნებისათვის.
გიგუშა ერისთავი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ისე რომ შვილი არ ჰყოლია. ხანდაზმული მერი პარიზში ლატურის ქუჩაზე სრულიად მარტო ცხოვრობდა. იშვიათად ეკონტაქტებოდა ქართველ ემიგრანტებს, იშვიათად ქართულ ეკლესიაშიც შეივლიდა ხოლმე. მერი შერვაშიძემ სიცოცხლის ბოლო წლები, მოხუცთა თავშესაფარში გაატარა. ეს არ იყო მიუსაფართა სახლი, მშვენიერ ქალბატონს იქ მოახლეც კი ჰყავდა. ხოლო საკუთარ ბინაში ლატურის ქუჩაზე, მეგობრებთან ერთად მიდიოდა დრო და დრო და ბანქოს თამაშობდა. როგორც მერის უახლოესი მეგობარი ბაბო დადიანი იხსენებდა, მერის სახლში სიცოცხლის ბოლომდე ეწყო ნაცნობ თუ უცნობ თაყვანისმცემელთა მიერ გამოგზავნილი ყვავილები.
მერი მოხუცებულთა თავშესაფარში 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. გადმოცემით, ის სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ინარჩუნებდა სილამაზესა და მშვენიერებას.
ბაბო დადიანის თხოვნით კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მერი შერვაშიძეს პანაშვიდი საქართველოში, სიონის ტაძარში გადაუხადა.
დაკრძალულია სენ–ჟენევიევის სასაფლაოზე, საფრანგეთი, მისი საფლავი აღმოაჩინა აშშ-ში მოღვაწე ჟურნალისტმა და საზოგადო მოღვაწემ მანუჩარ კაჭახიძემ.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments