მიხეილ ბარათაშვილი (ბარათაევი) (დ. 25 იანვარი, 1784, ქალაქი სიმბირსკი, ― გ. 30 ივლისი, 1856, ბარატაევკა, სიმბირსკის გუბერნია) –
ისტორიკოსი, ქართული მეცნიერული ნუმიზმატიკის ფუძემდებელი, ქართული და აღმოსავლური მონეტების კოლექციონერი.
1820-1835 წლებში ბარათაშვილი იყო სიმბირსკის თავადაზნაურობის წინამძღოლი. ამ პერიოდში სიმბირსკში დააარსა მასონთა ლოჟა “სათნოების გასაღების” სახელწოდებით. 1826 დააპატიმრეს დეკაბრისტების აჯანყებასთან დაკავშირებით, მაგრამ მამხილებელი მასალის უქონლობის გამო (ბარათაშვილმა მოსპო თავისი მიმოწერა და სხვა საბუთები) მალე გაათავისუფლეს. შემდეგში ბარათაშვილი კავკასიაში გაამწესეს და საქართველოს საბაჟო ოლქის უფროსად მსახურობდა. 1844 წ. სახელმწიფო სამსახურიდან გადადგა. 1815-1835 წლებში მიხეილ ბარათაშვილი სიმბირსკის თავადაზნაურობის წინამძღოლი იყო. 1815 წლის 21 დეკემბერს იგი გახდა სიმბირსკის მაზრის თავადაზნაურობის, ხოლო 1820 წლის 1 იანვრიდან გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი. ამ პოსტზე მიხეილი სამ–სამი წლის ვადით ხუთჯერ აირჩიეს და 15 წლის მანძილზე თავდადებითა და უანგაროდ ემსახურებოდა სიმბირსკის გუბერნიის მოსახლეობას. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ხელმძღვანელობით 1818 წლის 3 მარტს დაარსებული ქალთა ქრისტიანული მოწყალების საზოგადოება, ხოლო 1820 წლის 2 მაისს – თავადაზნაურ ღარიბ ქალთა შრომისმოყვარულთა სახლი. ეს სახლი შემდეგში გადაკეთდა დედოფალ ელისაბედის სახელობის მეორე თანრიგის ქალთა სასწავლებლად, რომლის დარბაზს ამშვენებდა მიხეილის პორტრეტი წარწერით: „სიმბირსკის შრომისმოყვარულთა სახლის ფუძემდებელი მ. პ. ბარათაშვილი (ბარათაევი)“. მეტად მნიშვნელოვანი იყო, აგრეთვე, მიხეილის ინიციატივისა და ზრუნვის შედეგად, თავადაზნაურთა შეწირულებებით შეგროვილი სახსრებით, 1834 წლის 18 თებერვალს სიმბირსკის გიმნაზიის პანსიონის გახსნა. წლების განმავლობაში მიხეილ ბარათაშვილი იყო სიმბირსკის გიმნაზიის პირველი ზედამხედველი, შემდეგ კი საპატიო მზრუნველი, 1835 წლის პირველ ნახევრამდე.
დაკრძალულია სიმბირსკში, პოკროვის მონასტერში.

