მიხეილ ყულოშვილი (დ. 1825, კახი — გ. 1917, მოკლეს მარსანში) – ინგილო სასულიერო მოღვაწე, მღვდელი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხილი წმინდანად (2012). ქართულ პერიოდიკაში აქვეყნებდა ნაშრომებს ფსევდონიმით „ჰერეთელი“. ადრეულ ასაკში შეისწავლა წერა-კითხვა, მშობლიური ენის გარდა საუბრობდა და კითხულობდა აზერბაიჯანულ, უდიურ, სომხურ და რუსულ ენებზე. ზეპირად იცოდა „ვეფხისტყაოსანი“. დიდია მისი როლი და დამსახურება კუთხის საგანმანათლებლო საქმეებში. 1858 წელს საკუთარი სახსრებით, შენობის უქონლობის გამო, ჰერეთში, თავისავე სახლში პირველი სამრევლო ორკლასიანი სკოლა გახსნა. 1865-1870 წლებში სრულიად უსასყიდლოდ ასწავლიდა ხელმოკლე ოჯახის შვილებს. მიხეილ ყულოშვილის შვილის, ასევე მღვდლის, ნიკოლოზის მეუღლე — სოფიო კონჭოშვილი-ყულოშვილი პირველი იყო, ვინც საინგილოში 1896 წელს ქალთა საეკლესიო-სამრევლო სკოლა დააარსა, ადგილობრივი მოსახლეობა კარდაკარ ჩამოიარა და დაშინებული ოჯახებიდან გოგონები განათლების მისაღებად გამოიყვანა. ამ გაბედული ნაბიჯით ინგილო ქალს სიამაყე და გამბედაობა კვლავ დაუბრუნა. სკოლის შენობის ნანგრევები წმინდა გიორგის სახელობის მოქმედი ეკლესიის ეზოში დღესაც შემორჩენილა. რელიგიური ნიშნით ხდებოდა ჰერეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი ქრისტიანების დევნა-შევიწროება. ამ განუკითხაობის მსხვერპლი გახდა მიხეილ ყულოშვილი. მამა მიხეილის მკვლელობა რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება იყო, ვინაიდან იგი ღიად ილაშქრებდა მანკიერ ტრადიციათა წინააღმდეგ და ხელს უშლიდა მოსახლეობის ძალით გამუსლიმების პროცესს. თავდაპირველად, მხცოვან მღვდელს მოლები მიუგზავნეს, ქრისტიანული სარწმუნოების დაგმობა, ეკლესიიდან განდგომა და მეტიც, ისლამის მიღება უბრძანეს. მოძღვარი აცნობიერებდა, რომ მისი საქციელი მაგალითის მიმცემი იქნებოდა თანამოძმეებისთვის და სასტიკი უარით გაისტუმრა მომხდურები. პირიქით, უფრო მეტს აკეთებდა კუთხეში ქრისტიანობის გასაძლიერებლად, მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის სათავეში მოსული მუსავატელების პარტიის შიშით, მრევლმა შემცირება დაიწყო. 1917 წლის გვიან შემოდგომაზე, წირვის დასრულების შემდეგ სოფელ მარსანიდან დაბრუნებისას მიხეილს ახლობლის ავადმყოფობით შეწუხებული მუსლიმანი გადაუდგა და დასახმარებლად გაყოლა სთხოვა. რასაკვირველია, გაჭირვებულს მღვდელი გაჰყვა. ავადმყოფის ნაცვლად მიხეილ მღვდელს მუსავატელები დახვდნენ და გამაჰმადიანება მოსთხოვეს. მოძალადეებმა მოძღვრისგან თანხმობის მიღება წამებით გადაწყვიტეს. შეთქმულებმა, როდესაც მიზანს ვერ მიაღწიეს, დაუმორჩილებელ მოძღვარს პირჯვრის გადაწერა არ აცალეს და თავი მოჰკვეთეს. დაკრძალულია ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძრის ეზოში. 2012 წლის 5 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ მიხეილ ყულოშვილი წმინდანად შერაცხა და მისი მოხსენიების დღედ 5 ივლისი დააწესა.

