მიხეილ თამარაშვილი, ერისკაცობაში ალექსანდრე პეტრეს ძე თამარაშვილი (იტალიაში ცნობილი იყო, როგორც მიქელ თამარათი) (დ. სექტემბერი, 1858, ახალციხე — გ. 16 სექტემბერი, 1911, სოფ. სანტა-მარინელა, იტალია) – მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, რომის კათოლიკური ეკლესიის აბატი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი. 1878 წელს სტამბოლში გააგზავნეს , პეტრე ხარისჭირაშვილის მიერ დაარსებულ ქართველ კათოლიკეთა ფერი-კვეის ეკლესიის სამრევლო სასწავლებელში. 1888 წელს დაამთავრა წმ. ლაზარეს დიდი სასულიერო სასწავლებელი, გაეცნო პარიზის სამეცნიერო ცხოვრებას, მუშაობდა წიგნსაცავებში, არქივებსა და მუზეუმებში. 1888 წელს მიხეილ თამარაშვილი ისევ სტამბოლში ჩავიდა, მალე კი თბილისში, სადაც კათოლიკეთა მიძინების ტაძრის მღვდლად იქნა გამწესებული. 1891 წელს იგი გაემგზავრა რომში და სწავლა განაგრძო სასულიერო აკადემიაში, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1894 წელს და ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება მოიპოვა. თამარაშვილმა აღმოაჩინა სიცილიაში კრისტოფორო დე კასტელის სურათების ალბომი, მას დიდი წვლილი მიუძღვის სულხან-საბა ორბელიანის ევროპაში მოგზაურობის შესახებ მასალების მოძიებაში. თამარაშვილმა ერთ-ერთმა პირველმა აზიარა ევროპელი მკითხველი საქართველოს ისტორიასა და კულტურას. 1911 წლის 16 სექტემბერს იტალიის სოფელ სანტა-მარინელასთან სახელოვანი მეცნიერი დაიღუპა სხვისი სიცოცხლის გადარჩენის მცდელობისას, 53 წლის ასაკში. დაკრძალულ იქნა 18 სექტემბერს სანტა-მარინელას ეკლესიაში, თუმცა, დღემდე უცნობი მიზეზების გამო, მალევე მისი ცხედარი ქ. ჩივიტავეკიას წმინდა მარინის პანსიონში გადაასვენეს. 1978 წელს იტალიის ქ. ჩივიტავეკიადან მიხეილ თამარაშვილის ნეშტი გადმოსვენებულ იქნა თბილისში, დაკრძალეს საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

