მიხეილ (მიხაკო) წერეთელი (ფსევდონიმები – „Baton“, „მ. სანგალა“, „ალაროდიელი“, „ვრაცი“) (დ. 23 დეკემბერი, 1878, სოფელი ცხრუკვეთი ― გ. 2 მარტი, 1965, მიუნხენი, გერმანია) – საქართველოს ეროვნული გმირი. ქართველი მეცნიერი ძველი აღმოსავლეთის ისტორიის დარგში, ლინგვისტი, სოციოლოგი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი.
1900-1907 წლებში მ. წერეთელი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთსა და შვეიცარიაში. აქტიურად იყო ჩაბმული ანარქისტულ საქმიანობაში. 1904 წელს იგი შეუერთდა ქართველ სოციალ-ფედერალისტთა ჯგუფს გიორგი დეკანოზიშვილის ხელმძღვანელობით. 1926 წლიდან 1940-იანი წლების დამლევამდე იგი იყო ქართული პატრიოტული პოლიტიკური ორგანიზაციის “თეთრი გიორგი”-ს ერთ-ერთი ლიდერი. 1929 წელს ჰაიდელბერგის უნივერსიტეტმა გერმანულ ენაზე გამოსცა წერეთლის მონოგრაფია “ახლადაღმოჩენილი ქალდეური წარწერები”. მეორე მსოფლიო ომის წლებში მ. წერეთელი იყო გერმანიაში მოქმედი “ქართული სამოკავშირეო კომიტეტი”-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ამ კომიტეტის ძალისხმევით გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებიდან გათავისუფლდა ასობით ქართველი სამხედრო ტყვე. გარდა ამისა, 1942 წელს იგი იყო ერთ-ერთი მოთავე ქართული პატრიოტული პოლიტიკური ორგანიზაციის “ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი”-ს დაფუძნებისა. გარდაიცვალა 87 წლის ასაკში. დაკრძალულია საფრანგეთში, ლევილის სასაფლაოზე.

