მიხეილ ჩაჩავა (დ. 15 ნოემბერი, 1902, ლანჩხუთი — გ. 14 ივნისი, 1983, თბილისი)
ქირურგი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.
1928 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი და გახდა ცნობილი ქართველი ქირურგის გრიგოლ მუხაძის მოწაფე, რომლის ხელმძღვანელობითაც დაოსტატდა. 1936 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო ერთი წლის შემდეგ სადოქტორო. 1944-1950 წლებში იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის პროფესორი. 1950-1968 წლებში განაგებდა პედიატრიული და სანიტარული ჰიგიენის ფაკულტეტების ჰოსპიტალური ქირურგიის, 1968-1974 წლებში კი სამკურნალო ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრას. 1974 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ამავე კათედრის მეცნიერ-კონსულტანტი. ფართო დიაპაზონის მეცნიერი ხშირად მონაწილეობდა ქირურგთა საერთაშორისო კონგრესებზე, მას ფართოდ უღებდნენ უცხოური კლინიკების კარებს, 1960 წელს ხანგრძლივი ვადით მიიწვიეს ინგლისში.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულნი არიან: პოეტი, ესეისტი და კრიტიკოსი თამაზ ჩაჩავა (1939-2017); მწერალი, მთარგმნელი ქეთევან ირემაძე (დ. 8 სექტემბერი, 1912, თბილისი — გ. 19 აგვისტო, 1945); ნინო ირემაძე.

