მიხეილ კვესელავა (დ. 27 მაისი, 1913, თბილისი — გ. 6 დეკემბერი, 1981) –
ლიტერატურათმცოდნე, პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.
1936 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი და, როგორც წარჩინებული სამი ევროპული ენის მცოდნე სტუდენტი, ასპირანტურაში დატოვეს. აქედანვე იწყებს პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას. მაგრამ სამამულო ომმა თავისი კორექტივები შეიტანა ახალგაზრდა მეცნიერის ცხოვრებაშიც. მ. კვესელავამ გაიარა ბრძოლის მძიმე და გრძელი გზა. მერე კი, როგორც კვალიფიციური გერმანისტი, თარჯიმნად მონაწილეობდა ნიურნბერგის პროცესში. შემდეგ ყოველივე ეს ბრწყინვალედ ასახა თავის ტრილოგიაში „ას ერგასის დღე“. ომის შემდგომ მ. კვესელავამ განაგრძო საზოგადოებრივი, სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა. სხვადასხვა დროს იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორი, უცხოეთის ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობის საზოგადოების თავმჯდომარე, უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი, თეატრალური ინსტიტუტის რექტორი და სხვა. 1963 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია და მოიხსენიება იმ პროგრესულ მასწავლებელთა შორის, რომლებმაც ახალგაზრდობას თამამად „გაუღეს დასავლური კულტურის ერთ დროს დაგმანული კარი“.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

