კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მიხეილ თარხნიშვილი (1897-1958)
თეოლოგი, მკვლევარი, სასულიერო პირი, ფილოლოგი.
დაიბადა ახალციხეში. აწყებითი განათლება სკრას სახალხო სკოლაში მიიღო, რის შემდეგაც, 1913 წელს, ქართველმა კათოლიკე ბერებმა სტამბოლში არსებულ სამონასტრო სკოლაში (ფერი-ქოა) სასწავლებლად შეარჩიეს. მისი დასრულების შემდეგ, 1917–1919 წლებში სწავლობდა გერმანელ ბენედიქტინელთა ეტალის (სამხრეთ ბაიერნი, გარმიშ-პარტენკირხენთან) სააბატოში. 1919 წელს მცირე ხნით იმყოფებოდა თბილისში, რაც სამშობლოში მისი უკანასკნელი ვიზიტი აღმოჩნდა. 1919–1924 წლებში კვლავ სტამბოლშია, 1924–1929 წლებში გაემგზავრა ავსტრიაში, სადაც გაიარა წმ. გაბრიელის საღვთო სიტყვის საზოგადოებაში ფილოლოგიისა და ფილოსოფიის კურსი, ხოლო 1930–1933 წლებში სწავლობდა რომში — პაპის აღმოსავლეთის ინსტიტუტში, რომელიც თეოლოგიის დოქტორის ხარისხით დაასრულა.
მიხეილ თარხნიშვილს 1931 წლის 6 აგვისტოს რომის მახლობლად, გროტაფერატაში ხელი დაასხეს მღვდლად. 1934–1936 წლებში მიხეილ თარხნიშვილი სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა ქართველ კათოლიკე ემიგრანტთა შორის ბელგიაში, გერმანიასა და საფრანგეთში. 1936–1942 წლებში იმყოფებოდა ბენედიქტინელ ბერებთან ბაიერნში (ჯერ დეგენდორფში, შემდეგ მეტენში). 1942 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე დარჩა რომში.
გამოავლინა, შეისწავლა და გამოაქვეყნა უცხოეთის წიგნთსაცავებში დაცული ქართული მასალა. გრაცის უნივერსიტეტსა და ვატიკანის ბიბლიოთეკებში დაცული ქართული ხელნაწერების მიხედვით გამოსცა “ჟამის წირვათას” ქართული რედაქციები.
დაკრძალულია ვატიკანში, უცხოელ მამათა საერთო აკლდამაში.
აკლდამის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა ნენო გაბელიამ, რისთვისაც ვუხდით მადლობას.
 
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments