მიხეილ ვაშაკიძე (1909, დიდი ჯიხაიში — 1956, აბასთუმანი) – ასტროფიზიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1951), პროფესორი (1954). 1936–1956 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში. წამოაყენა ვარსკვლავთა სივრცული განაწილების შესწავლის ახალი მოხერხებული მეთოდი, რომელიც ცნობილია ვაშაკიძე-ოორტის მეთოდის სახელწოდებით. შეადგინა გარეგალაქტიკური ნისლეულებისა და გრძელპერიოდიანი ცეფეიდების ფერის მაჩვენებელთა კატალოგი, რის საფუძველზეც გამოიკვლია სინათლის ვარსკვლავთშორისი შთანთქმა. შეისწავლა მზის გვირგვინისა და ნისლეულების გამოსხივების პოლარიზაცია, აღმოაჩინა კიბორჩხალსახის ნისლეულის გამოსხივების ძლიერი არასითბური ბუნება. მისი სახელი მიაკუთვნეს მთვარის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს უკანა მხარის ერთ-ერთ კრატერს. დაკრძალულია აბასთუმნის ობსერვატორიის სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა ია სურმანიძემ, რისთვისაც ვუხდით უღრმეს მადლობას, განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ მარიამ სურმანიძეს.

