მიხეილ ზანდუკელი (დ. 14 ოქტომბერი, 1889, სოფ. არანისი, დუშეთის მუნიციპალიტეტი — გ. 2 აპრილი, 1968, თბილისი) –
პედაგოგი, მეცნიერი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.
1909 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია და ჩაირიცხა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1913 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე მისდევს პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1921-1929 წლებში მიხეილ ზანდუკელი იყო თბილისის პირველი საცდელ-საჩვენებელი შრომის სკოლის გამგე და ამავე დროს, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი. 1925 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მიხეილ ზანდუკელი კითხულობდა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის კურსს და ეწეოდა უაღრესად ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით მუშაობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, თელავისა და ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. იგი სხვადასხვა დროს განაგებდა ახალი ქართული ლიტერატურის კათედრას, იყო ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

