ნიკო ცხვედაძე (დ. 8 იანვარი, 1845, სოფ. სოჯინი (ცხინვალის რაიონი) — გ. 30 ოქტომბერი, 1911, თბილისი) — პედაგოგი, მწერალი, პუბლიცისტი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და საპატიო წევრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. 1865-1869 წლებში სწავლობდა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში, რომლის დამთავრების შემდეგ პედაგოგად დაიწყო მუშაობა თბილისის სასწავლებლებში. 1869 წლიდან დაინიშნა თბილისის სასულიერო სემინარიის მასწავლებლად, რამდენიმე წლის შემდგომ რევიზიის შედეგად ნიკო ცხვედაძე სემინარიიდან გაათავისუფლეს სტუდენტებში პატრიოტული მომენტების გაღვივების ბრალდებით. 1874 წლიდან მუშაობას იწყებს თბილისის ქალთა ინსტიტუტში ისტორიის, პედაგოგიკისა და გეოგრაფიის მასწავლებლად. ამავე დროს მასწავლებლობდა წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელშიც. 1899-1907 წლებში კი ამ საზოგადოების თავჯდომარის მოადგილე. 1877 წელს სახალხო განათლების ორგანიზაციისა და მეთოდიკის გაცნობის მიზნით იმოგზაურა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. მისი ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით გაიხსნა სკოლები ბაქოში, კავკავშსა და ბათუმში. 1889–1892 წლებში ნიკო ცხვედაძე იყო თბილისის საქალაქო სათათბიროს ხმოსანი და მრჩეველი. ნიკო ცხვედაძის ინიციატივით დაიწყო სათავადაზნაურო სკოლის მშენებლობა 1898 წელს, რომელიც მას შემდგომში თბილისის უნივერსიტეტის შენობად ჰქონდა წარმოდგენილი. შენობის ასაგები თანხა მისი უშუალო ხელმძღვანელობით შეგროვდა. თავად უნივერსიტეტის გახსნას არ მოსწრებია. დაკრძალული იყო მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. 2008 წლის 26 ნოემბერს მისი ნეშტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონში იქნა გადმოსვენებული.


