კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნიკო კეცხოველი (დ. 26 დეკემბერი, 1897, სოფ. ტყვიავი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი — გ. 26 დეკემბერი, 1982, თბილისი) – ბოტანიკოსი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. ბოტანიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი საქართველოში. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1937), პროფესორი (1937), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და აკადემიკოსი (1941), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1945), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 1916 წელს დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იყო ბოტანიკის კათედრის პრეპარატორი, ამავე კათედრის პედაგოგი. 1933 წლიდან გარდაცვალებამდე უცვლელად ხელმძღვანელობდა კათედრას. 1945-52 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ხოლო 1963 წლიდან გარდაცვალებამდე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი. 1917 წელს ნიკო კეცხოველის უშუალო მონაწილეობით დაფუძნდა საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტია და წლების მანძილზე იყო მისი ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ–ერთი ლიდერი. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921–1924 წლებში იყო ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე: ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის არალეგალური მთავარი კომიტეტის წევრი და “დამკომი”–ს წევრი ახალგაზრდა ეროვნულ–დემოკრატთა ორგანიზაციიდან. 1921 და 1923 წლებში იყო დაპატიმრებული. 1924 წლის ამბოხების ჩახშობის შემდეგ ჩამოცილდა პოლიტიკურ საქმიანობას. ნიკო კეცხოველის სამეცნიერო შრომები ეხება საქართველოს მცენარეული საფარის გეობოტანიკურ, ბოტანიკურ-გეოგრაფიულ და სისტემატურ გამოკვლევას, მისი აღდგენისა და დაცვის პრობლემებს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments