ნიკო მარი (დ. 6 იანვარი, 1865 [ძვ. სტ. 25 დეკემბერი, 1864]; ქუთაისი — გ. 20 დეკემბერი, 1934, ლენინგრადი, რუსეთი) – ენათმეცნიერი, ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე, არქეოლოგი, კულტურის ისტორიკოსი. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი 1890 წელს.
1891 წლიდან იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის პრივატ–დოცენტი; 1894-1896წწ. მუშაობდა სტრასბურგის უნივერსიტეტის, ვატიკანისა და რომის ბიბლიოთეკებში; 1913 წლიდან იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის დეკანი; 1924-1930წწ. ლენინგრადის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი; ქართული ხელნაწერების შესასწავლად მუშაობდა სტრასბურგში, ვატიკანში, რომში; მონაწილეობდა ათონის მთაზე ნ.კონდაკოვის ექსპედიციაში. 1902 წელს ივ. ჯავახიშვილთან ერთად იყო ექსპედიციაში სინას მთაზე. დაკრძალულია სანკტ-პეტერბურგში, ალექსანდრე ნეველის ლავრაში.

