ნოდარ ქუმარიტაშვილი (დ. 25 ნოემბერი, 1988, ბორჯომი, საქართველო — გ. 12 თებერვალი, 2010, ვანკუვერი, ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა)
ქართველი მოციგავე, დაიღუპა 2010 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის დღეს, ვარჯიშის დროს.
2010 წლის 12 თებერვალს, ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილმა უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და 143.3 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეეჯახა. ამის შედეგად იგი ციგიდან ამოვარდა და ტრასიდან მოშორებით, ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. სასწრაფო დახმარების ვერტმფრენით ის მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 21 წლის ქართველი სპორტსმენი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრები სამგლოვიარო დროშით 17 თებერვალს ნოდარ ქუმარიტაშვილის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს.
ნოდარ ქუმარიტაშვილი ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში მეოთხე სპორტსმენია, რომელიც დაიღუპა.
20 თებერვალს სპორტსმენი მის მშობლიურ ბაკურიანში, ეკლესიის ეზოში დაკრძალეს.

