ნოე ჟორდანია (ფსევდონიმები: კოსტროვი, ანი, ნარი, ნარიძე და სხვა, დ. 2 იანვარი/14 იანვარი, 1868, ლანჩხუთი — გ. 11 იანვარი, 1953, პარიზი)
ქართველი პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, ქართველი სოციალ-დემოკრატების ლიდერი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ 1891 წლიდან სწავლობდა ვარშავის ვეტერინარულ ინსტიტუტში.
პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო 90-იან წლებში. 1903 წელს რსდმპ II ყრილობის შემდეგ გახდა კავკასიის მენშევიკების ლიდერი. რსდმპ V (ლონდონის) ყრილობაზე (1907) ნ. ჟორდანია აირჩიეს პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად მენშევიკების მხრიდან. 1918 წელს ამიერკავკასიის რესპუბლიკისა და ამიერკავკასიის სეიმის დაშლის შემდეგ ჟორდანია ფაქტობრივად აღმოჩნდა საქართველოს რესპუბლიკის დროებითი პარლამენტის თავმჯდომარე. იმავე წლის 26 მაისს მან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის მიერ თბილისის დაკავების შემდეგ ნ. ჟორდანიამ და მისმა მთავრობამ თავი შეაფარეს ჯერ ქუთაისს, ხოლო შემდეგ ბათუმს. იმავე წლის 18 მარტს კი, წავიდნენ საფრანგეთში პოლიტკურ ემიგრაციაში.
დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე.


