ომარ გვასალია (დ. 31 აგვისტო, 1942, თბილისი — გ. 21 აპრილი, 1992) – კინორეჟისორი, რეჟისორი ფილმებისა: „ალყა“, „ქართველები ცაში“, „დროებითი მოწმობა“, „ერთგული მეგობარი“ და სხვა. დაამთავრა ვგიკის სადადგმო ფაკულტეტის სარეჟისორო განყოფილება (ლევ კულეშოვისა და ალექსანდრა ხოხლოვას სახელოსნო, 1968). ლენინგრადის სატელევიზიო ფილმების სტუდიაში გადაიღო დოკუმენტური ფილმი „ყველა ჩემი ვაჟი-შვილია“ ა. სტეფანოვიჩთან ერთად 1968 წელს. 1968-1970 წლებში მუშაობდა საქართველოს სტუდიაში. 1972 წელს შედგა მისი დებიუტი მხატვრულ კინოში. მოსფილმის ექსპერიმენტულ გაერთიანებაში დადგა ფსიქოლოგიური დრამა „დროებითი მოწმობა“ ა. სტეფანოვიჩთან ერთად. მას მოყვა სხვადასხვა ჟანრის ფილმები „მშვიდობიანი დღეები“ (1974) „იმედის მწვანე კუნძული“ (1978), „მშვიდობით მეგობარო“ (1980), „ქართველები ცაში“ (1984), „ალყა“ (1990). წარმატებით მუშაობდა დოკუმენტურ კინოში, როგორც სცენარისტი და რეჟისორი. ფილმ-ინტერვიუს ჟანრში გადაიღო ფილმები მოზარდთა აღზრდის პრობლემებზე „ერთი დღე უნივერსიტეტში“ (1968), “დიალოგები“ (1976), „70 შეკითხვა“ (1980), „გაიცანით, ჩვენი შვილები“ (1987), ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინო ფაკულტეტზე 1974-დან 1991 წლამდე. იყო საქართველოს ტელეფილმების სტუდიის დირექტორი 1983-1985 წლებში 1988 წელს დააფუძნა კინო-ფირმა „მთვარის გლობუსი“. დაიღუპა ავტოკატასტროფაში. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ზედა პანთეონში. წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში.

