ოთარ ჯაფარიძე (დ. 16 სექტემბერი, 1921, თბილისი, საქართველო — გ. 10 ივლისი, 2020) – ისტორიკოსი და არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 1929 – 1939 წლებში სწავლობდა თბილისის 25-ე საშუალო სკოლაში. 1939 წელს შევიდა და 1943 წელს წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. იმავე წელს ჩაირიცხა ასპირანტურაში. პარალელურად, 1944 წელს, მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, სადაც 1950 წლამდე მუშაობდა. 1950-1952 წლებში ოთარ ჯაფარიძე მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტში არქეოლოგიის განყოფილების უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1952 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ოთარ ჯაფარიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობდა. 1967 წელს დაინიშნა არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის კათედრის გამგედ. 1991 წლის 13 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე ოთარ ჯაფარიძე ასრულებდა თსუ-ის რექტორის მოვალეობას, რომლიდანაც პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა. დაკრძალულია მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

