ოტია იოსელიანი (დ. 16 ივნისი, 1930, სოფელი გვიშტიბი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი — გ. 14 ივლისი, 2011) –
მწერალი.
1961 წელს დაამთავრა სსრკ მწერალთა კავშირთან არსებული უმაღლესი ლიტერატურის კურსები. თხზულებებს აქვეყნებდა 1954 წლიდან. მოთხრობების პირველი კრებული „კარის მეზობლები“ გამოსცა 1957 წელს. ნაყოფიერად მუშაობდა როგორც ნოველისტიკაში, ისე რომანის ჟანრში, წერდა პიესებსა და კინოსცენარებს.
ავტორია ათამდე პიესისა, რომელთაგან რამდენიმე („ადამიანი იბადება ერთხელ“, „როცა სიყვარული მოვა“, „სანამ ურემი გადაბრუნდება“, „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“) დაიდგა საქართველოს და საკავშირო თეატრების სცენაზე. ავტორია კინოსცენარებისა „ჩქარი მატარებელი“, „მალე გაზაფხული მოვა“, „თეთრი ქალიშვილი“ და სხვა. იოსელიანის ცალკეული თხზულებანი თარგმნილია მრავალ უცხო ენაზე. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.
გარდაიცვალა 2011 წლის 14 ივლისს.
დაკრძალულია სოფელ გვიშტიბში, საკუთარი სახლის ეზოში, მწერლის ანდერძის თანახმად.
