პაატა გუგუშვილი (დ. 15 სექტემბერი, 1905, სოფ. კოდორი, აბაშის მუნიციპალიტეტი ― გ. 27 თებერვალი, 1987, თბილისი) – ეკონომისტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1940), პროფესორი (1940), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1974), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი ეკონომისტ-ფინანსისტის სპეციალობით 1927 წელს. 1930 წლიდან გარდაცვალებამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს სახალხო მეურნეობის ისტორიის, პოლიტიკური ეკონომიისა და სოციოლოგიის ლექციათა კურსებს. ავტორია მრავალი ათეული ნაშრომისა, რომლებიც ეძღვნება პოლიტიკური ეკონომიის, საზოგადოებრივი და პოლიტიკური აზრის ისტორიის, სახალხო მეურნეობის განვითარების, დაგეგმვის, სოციოლოგიის, დემოგრაფიის, ბიბლიოლოგიის, ამიერკავკასიისა და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების და სხვა საკითხებს. დიდი წვლილი შეიტანა ახალი ქართული ეკონომიკური ტერმინოლოგიის შემუშავებაში, ეკონომიკური წყაროების მეცნიერულ პუბლიკაციაში. იყო ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი და მისი ეკონომიკური სექციის თავჯდომარე. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.

