პარმენ ლორია (დ. 30 აგვისტო, 1898 — გ. 8 მარტი, 1978) – მწერალი. დაიბადა 1898 წლის 30 აგვისტოს, სამტრედიის რაიონის სოფელ ქვაყუდეში. 19 წლის მეფის არმიაში გაიწვიეს. პირველი მსოფლიო ომის დროს ირანისა და ოსმალეთის პროვინციებში მოუხდა ბრძოლა. იმსახურა დემოკრატიული საქართველოს ჯარში. ცხოვრების ეს მონაკვეთი აღწერილი აქვს ავტობიოგრაფიულ რომანში „დაზგიდან დაზგამდე“. ნაწარმოები ავტობიოგრაფიულია და დოკუმენტური სიზუსტით ასახავს მწერლის მიერ განვლილ გზას. მუშაობას იწყებს ბათუმის ახალდაარსებულ სახალხო მილიციაში. აქვეყნებდა კორესპონდემციებს, მოთხრობებს, ფელეტონებს. მუშაობს პროფკავშირეული კლუბის ხელმძღვანელად. აქტიურად მოღვაწეობს სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში, უფრო მეტად ფსევდონიმით „პ. ობოლი“. 1932-1956 წლებში საქართველოს აჭარის მწერალთა კავშირის განყოფილების პირველად მდივანი და შემდგომ ამ განყოფილების თავმჯდომარე. 1936 წელს გამოაქვეყნა პირველი რომანი „ჩაი“. იმდროინდელი აჭარის ცხოვრებას ასახავს პარმენ ლორიას მეორე წიგნი „დელი მურადი“, რომელსაც შენდგომ „განთიადი ხევში“ უწოდა. 1941 წელს მკითხველმა მიიღო რომანი „მევლუდი“, რომანი ეკრანიზებულია. ამავე ეპოქას ეძღვნება რომანი „საუკუნის დაბადება“. 1951 წელს პარმენ ლორია აქვეყნებს თავის ერთ-ერთ პოპულარულ რომანს „ნაირა“, რომელიც შემდგომ ბათუმის სახელმწიფო თეატრში სპექტაკლად დაიდგა. ქვეყნდება მისი სხვა რომანები და მოთხრობების კრებულები. გარდაიცვალა 1978 წლის 8 მარტს. დაკრძალულია ქალაქ ბათუმში მწერალთა კავშირის პანთეონში.