პარმენ ზაქარაია (დ. 24 აგვისტო, 1914, ნაჯახავო, მარტვილის მუნიციპალიტეტი, საქართველო, — გ. 20 აპრილი, 2003, თბილისი, საქართველო)
ქართველი არქიტექტორი და ხელოვნებათმცოდნე. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1960), პროფესორი (1962), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1988). საქართველოს მეცნიერების დამსახურებელი მოღვაწე.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1940 წელს. 1940-1941 წლებში მუშაობდა სამუშაოთა მწარმოებელი კვების მრეწველობის სამინისტროში; 1941-1948 წლებში მუზეუმ „მეტეხის“ მეცნიერ-თანამშრომელი; 1948-1975 წლებში სახელმწიფო მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, განყოფილების გამგე; 1975 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის გამგე.
ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიაში, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ჩამოაყალიბა (1956) და ხელმძღვანელობდა შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის განყოფილებას.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
