პართენ გოთუა (დ. 10 ოქტომბერი 1873, ძიმითი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი — გ. 2 მაისი 1936, თბილისი) — მწერალი, პუბლიცისტი, პედაგოგი, ჟურნალისტ-გამომცემელი, საზოგადო მოღვაწე.
დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. თხზულებისათვის „1889 წლის საფრანგეთის სათავადაზნაურო დარიგებები“ დააჯილდოვეს ოქროს მედლით და მიავლინეს საზღვარგარეთ. იმოგზაურა შვეიცარიაში, გერმანიასა და ავსტრია-უნგრეთში. 4 თვე იმუშავა საფრანგეთში, ლუვრის საპარლამენტო არქივში. 1898 წელს დანიშნეს ვლადიკავკაზის საქალაქო სასწავლებელსა და ქალთა გიმნაზიაში ისტორიის, გეოგრაფიის, პედაგოგიკის და მეთოდიკის მასწავლებლად. 1899 წლიდან პართენ გოთუა იყო ვლადიკავკაზის ქართული სკოლის ფაქტობრივი ხელმძღვანელი და ქართული საზოგადოების თავმჯდომარე. მისი თაოსნობით გაფართოვდა სკოლის შენობა, აშენდა სათეატრო დარბაზი, შეიქმნა ქართველ მსახიობთა დასი და მომღერალთა გუნდი. 1903 წელს გოთუამ მუშაობა დაიწყო თბილისში ბეჭდვითი კომიტეტის ცენზორად, თუმცა მალე დაითხოვეს “არაკეთილსაიმედოობის” გამო. 1905 დააარსა ქართული ეროვნული ორიენტაციის რუსულენოვანი გაზეთი „Возрожде́ние“, რისთვისაც იდევნებოდა ხელისუფლების მიერ. გაზეთთან თანამშრომლობდნენ იმდროინდელი პროგრესული საზოგადოების მოღვაწეები და მწერლები, 1907 წელს პართენ გოთუა აირჩიეს ქალაქის საბჭოს ხმოსნად. როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი, იღვწოდა აჭარაში ქართული სკოლების ქსელის გასაფართოებლად, თბილისში პოლიტექნიკური უმაღლესი სასწავლებლის დასაარსებლად. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი, შემდეგ კი — თავმჯდომარე.
დაიღუპა ტრამვაის კატასტროფის დროს. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე, მწერალთა ყოფილ პანთეონში.

