პავლე საყვარელიძე (დ. 1882, საქარა, შორაპნის მაზრა — გ. 10 აგვისტო, 1937) – ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. დამოუკიდებლობის დეკლარაციის (1918) ხელმომწერი. უმაღლესი განათლება მიიღო რუსეთისა და შვეიცარიის უნივერსიტეტებში. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „მენშევიკების“ ფრაქციის წევრი. პარტიის იმერეთ-სამეგრელოს კომიტეტის წევრი და ორგანიზატორი; პარტიული ფსევდონიმი — „დიდი პავლე“ (რათა განესხვავებინათ „პატარა პავლესგან“); აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებში იმერეთსა და გურიაში. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. იმავე წელს იყო გაზეთ „ალიონის“ რედაქტორი. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო სარეგლამენტო, სახელოვნებო, ტექნიკური და საკონსტიტუციო კომისიების წევრი. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩამოშორდა პოლიტიკურ საქმიანობას. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოს ყოფილ პანთეონში.

