პეტრე ამირანაშვილი (დ. 16 ნოემბერი, 1907, სოფელი ნიგოეთი, ლანჩხუთის რაიონი — გ. 26 ნოემბერი, 1976, თბილისი)
მომღერალი (ბარიტონი), სსრკ სახალხო არტისტი (1950), სომხეთის სახალხო არტისტი (1974), ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1971).
1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფესორ ო. ბახუტაშვილ-შულგინას კლასი). იმავე წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. ამირანაშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული საოპერო ხელოვნების ჩამოზალიბებისა და განვითარებაში. მის შემოქმედებას ახასიათებს ეროვნული თვითმყოფობა, მგზნებარე ტემპერამენტი და ვოკალურ-დრამატული განსახიების სანიმუშო მთლიანობა. ამირანაშვილმა ხელი შეუწყო ქართველ კომპოზიტორების ახალი ოპერების წარმატებას.
იგი წარმატებით გამოდიოდა მოსკოვის, ლენინგრადის, კიევის, მინსკისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქების, აგრეთვე სახალხო დემოკრატიული ქვეყნების საოპერო სცენებზე. 1962-1976 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის კონსერვატორიაში. აქვე არსებობს ამირანაშვილის სახელობის სტიპენდია. გადაღებულია კინოფილმში “ქეთო და კოტე” (თავადი ფანტიაშვილი, რეჟისორი ვ. ტაბლიაშვილი, 1948). დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და 4 სხვა ოედენითა და მედლით.
დასაფლავებულია თბილისის დიდუბის პანთეონში.

