პეტრე გრუზინსკი (ოფიციალური სახელი — პეტრე ბაგრატიონი; ფსევდონიმი — თამარაშვილი) (დ. 28 მარტი, 1920, თბილისი — გ. 13 აგვისტო, 1984) —
პოეტი და დრამატურგი, საქართველოსხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979); გიორგი XII-ის ძის, ბაგრატის შთამომავალი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1941). ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1933 წლიდან. თავდაპირველად წერდა თამარაშვილის ფსევდონიმით. ანტისაბჭოთა ლექსებისათვის 1945 წელს დააპატიმრეს. თანამშრომლობდა კომპოზიტორებთან. მის ლექსებზე შეიქმნა პოპულარული სიმღერები, მათ შორის, გვიხმობს სამშობლო“, „სიმღერა თბილისზე“ (დაიწერა თბილისის 1500 წლისთავისათვის), „ჰიმნი სიყვარულს“, „მიმღერე რამე“, „სადაც გინდა, იქ ილოცე“, „გაზაფხულდა“, ოთარ თევდორაძის „ობელისკები“ და სხვ. მისი ლექსები აჟღერდა აგრეთვე ქართულ ფილმებში: „კეთილი ადამიანები“, „ბაში-აჩუკი“, „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“, „აბეზარა“, „მხიარული რომანი“, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, „მიმინო“, „განგაში“ და სხვ. პეტრე გრუზინსკის სცენარებზე შეიქმნა ქართული ფილმები: „შეხვედრა მთაში“, „საქართველოს რიტმები“ და „საჩუქარი“. იგი არაერთი მუსიკალური კომედიის ლიბრეტოს ავტორია, რომელთაგან აღსანიშნავია „შურისმაძიებელი“, „საყვარელი დისშვილი“ და სხვ., აგრეთვე დრამატული ნაწარმოებებისა („სასჯელის შიშით“, „შემთხვევა ზღვაში“, „ბრალდებული“) და საოპერო ლიბრეტოებისა.
დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.

