პეტრე მელიქიშვილი (11 ივლისი, 1850, თბილისი — გ. 23 მარტი, 1927, თბილისი) – ქიმიკოსი, თბილისის უნივერსიტეტის პირველი რექტორი (1918) და ამავდროულად 1918 წლიდან 1927 წლამდე ორგანული ქიმიის კათედრის გამგე. სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. დაამთავრა ნოვოროსიის (დღევანდელი ოდესის) უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება 1872 წელს. 1876 წელს მუშაობა დაიწყო ნოვოროსიის უნივერსიტეტის ქიმიის ლაბორატორიაში; 1885–1917წწ. იყო ამავე უნივერსიტეტის პროფესორი; 1918 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რექტორი; 1918–1927წწ. განაგებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის კათედრას. მისი შრომები ეხება ორგანულ და არაორგანულ ქიმიის საკითხებს; მან პირველმა მიიღო ორგანულ ნაერთთა კლასი, რომლებსაც გლიციდმჟავები უწოდა. დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში.

